დავით ქართველიშვილი ოპოზიციის შესახებ: „ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი შიში გადასწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით სპონსორებისაგან ფულის გარეშე დარჩენა, თუ ქართველი ხალხის წინაშე გარდაუვალი პასუხისგების შიში“

154

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე პოზიციას არ აფიქსირებს, რადგან გარეთ მათი პატრონების ეშინიათ და შიგნით – ქართველი ხალხის.

„ეს რეალურადაა ქვეყნის ე.წ. ოპოზიციის “აქილევსის ქუსლი” – ისინი საკუთარ წიაღშიც კი ვერ ბედავენ ლგბტ თემთან თავიანთ პირად მიკუთვნებულობაზე ღიად საუბარს. ვისაც წლებია, ამით აშანტაჟებენ სააკაშვილის დავალებით გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით. ვერ ბედავენ საკუთარი შვილების “გენდერული არჩევანის” შესახებ ღია საუბარს.

ერთადერთი მიზეზი, რის გარშემოც ლგბტ მემორანდუმის ხელმომწერი პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას იგივე “პრაიდ კვირეულებს” მიმართ, ამაში აღებული ფულია, რომელიც მათ პარტიულ და “ენჯეო” ყულაბებში საერთაშორისო ფონდებიდან ილექება. ფული, რომელსაც ჩრდილოეთიდან შემოსული რუბლების მსგავსად, ასევე არ გააჩნია სუნი – ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: რუსეთისთვის სამშობლოს, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის გამო, “ნაცსექტას” შიშის გრძნობა, სინდისთან ერთად, დაკარგული აქვს.

მაგრამ ტრადიციულ, პატრიარქალურ, მართლმადიდებლურ გარემოში საქართველოსთვის ახალი, “პროგრესული”, ლგბტ “ღირებულებებზე” აგებული აწმყოსა და მომავლის ქადაგება ქართველი ხალხის წინაშე ფიზიკურ შიშთან არის დაკავშირებული. და მათ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი შიში გადასწონის მათში – ლგბტ პროპაგანდისაგან თავის შეკავებით საკუთარი სპონსორებისაგან დამატებითი ფულის გარეშე დარჩენის, თუ ქართველი ხალხის წინაშე გარდაუვალი პასუხისგების შიში. ამას კი უახლოეს მომავალში დავინახავთ“, – წერს სოციალურ ქსელში ქართველიშვილი.