თამთა მეგრელიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ: „აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენოს“

91

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“19 აპრილის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, მედიატორის დაჟინებული იდეა – ხმების 2/3-ით ცესკო-ს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ განწესება ქართული კანონისათვის არაორგანული აღმოჩნდა და ოპოზიციისთვის არჩევნების შედეგების არაღიარების ღია იარაღად იქცა.

ცესკო-მ ეს სამართლებრივი ხარვეზი და “ცდა” საკუთარ თავზე თითქმის 3 წლის განმავლობაში ატარა, დღეს კი ხელი მოეწერა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს 19 აპრილის შეთანხმების მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენოს.

ლოგიკურია: მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ხელისუფლება ვერ და არ დაუშვებს.

ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებას” ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მიანიჭა“, – წერს მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.