ლევან ნიკოლეიშვილი: „წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, ამ ხელისუფლებისთვის ცალ ფეხზე ხტუნვა კი საერთოდ მიუღებელია – ეს არის, რაც ასე აშფოთებთ და ამწარებთ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულ უცხოეთის ყურმოჭრილ მონებს“

107

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის – კახა ბენდუქიძის 2005 წლის განცხადებას, სადაც ბენდუქიძე აღნიშნავს: „ამერიკამ მოუაროს ჯერ ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან. დაბალი ღობე ნახა? ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მერე მოუაროს საქართველოს მთავრობას. ჩვენი საქმეა, რას გადავწყვეტთ. ევროპელებმა მიხედონ თავიანთ კანცლერებს“.

„პირადი გემოვნების საკითხია, ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა კახა ბენდუქიძე, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხშირად სიმართლეს ამბობდა, არავისგან მართული არ იყო და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, ამ ხელისუფლებისთვის ცალ ფეხზე ხტუნვა კი საერთოდ მიუღებელია – აი, ეს არის, რაც ასე აშფოთებთ და ამწარებთ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულ უცხოეთის ყურმოჭრილ მონებს. იმ ხალხზე ხომ საერთოდ, ლაპარაკი ზედმეტია, ვინც ტელეკომპანია “იმედის” დარბევა საკუთარ თავზე გადაიტანა, დღეს კი, დარბევის ორგანიზატორებთან ერთად, ერთ ნავში ნებივრობს. გასაგებია, რომ ქრთამი (ფული) ჯოჯოხეთსაც ანათებს, მაგრამ გაუგებარია, ასეთი რა თანხა უნდა შემოგთავაზონ, ნებაყოფლობით ისევ ჯოჯოხეთში დაბრუნება რომ მოისურვო, ამისთვის კი უცხოელებს ყველაფერზე თავი უქნიო, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ბოლომდე ვერ გარკვეულან“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.