არჩილ თალაკვაძე „გამჭვირვალობის კანონპროექტის” შესახებ: “ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და ჩვენს დემოკრატიასა და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან იცავს”

67

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და ჩვენს დემოკრატიასა და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან იცავს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

“გარე ჩარევა დღეს რომ პრობლემაა, ამას აჩვენებს ევროკავშირის ანგარიშიც, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა და ამას ადასტურებს ევროკავშირის დირექტივაც, სადაც ევროკომისია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიმუშაოს. თუ ეს პრობლემაა ევროპისთვის, ეს გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც დიდი გამოწვევებისა და უსაფრთხოების რისკების მქონე რეგიონში მდებარეობს. არაერთი მაგალითი ვნახეთ, განსაკუთრებით, ამ ორი წლის განმავლობაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდებოდა გარე ჩარევისა და გარე დაფინანსების შედეგად შეტევა, ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ეკლესიაზე შეტევა და რადიკალური ჯგუფების წახალისება, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ, როგორმე, დესტაბილიზაცია შემოეტანათ საქართველოს პოლიტიკურ სისტემასა და ქვეყნის ცხოვრებაში. ეს და სხვა მაგალითები ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა სუბიექტებს ამოფარებული რადიკალური პოლიტიკური ძალები, მართული ჯგუფები იყენებენ კონკრეტულ რესურსებს, რათა ქვეყანა გადავიდეს იმ ტრაექტორიიდან და დემოკრატიული განვითარების პროცესიდან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ მოქალაქეები, იღებს საზოგადოება და არა რომელიმე პოლიტიკური მარგინალური ჯგუფი ან პოლიტიკური უმცირესობა, ძალადობრივი გზით და ძალადობრივი სცენარით. ამ დღეებში საზოგადოებამ ნახა, როგორ ცდილობდა პოლიტიკური უმცირესობა, თავისი სცენარი მოეხვია თავს და მთელი ქვეყნის სახელით ელაპარაკა; როგორ ცდილობდნენ, მონოპოლია ჰქონოდათ აზრზე, ჭეშმარიტებაზე და შემდეგ როგორ ჩამოვიდა თბილისში ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც მათი ოჯახებიც უცხადებენ მხარდაჭერას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის გამოძახილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.