„ამ ეტაპზე, რასაც ვკითხულობ და ვუსმენ ცნობილ ექსპერტებს, პროგნოზები საკმაოდ მძიმეა. ვიცით, როგორ დასრულდა ყველაფერი პაკისტანში, და ასევე გვახსოვს, რა განაცხადა ჯეი დი ვენსმა. ახლა საუბარია ბირთვული იარაღის შექმნაზე 20-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებაზე, თუმცა ამ საკითხზე მხარეებს შორის თანხმობა არ იკვეთება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„დონალდ ტრამპის ბრძანებით, ომანის მხრიდან დაიწყო ორმუზის სრუტის ბლოკადა. შედეგად, უკვე 172 ტანკერი არის გზაში და სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ისკენ მიემართება, რათა ტეხასისა და ლუიზიანას პორტებში ამერიკული ნავთობი ჩაიტვირთოს. თუმცა ეს გამოსავალი არ არის, რადგან, მოგეხსენებათ, ამერიკული ნავთობი მსუბუქია, მაშინ როცა ქვეყანა ძირითადად მძიმე ნავთობს მოიხმარს, რომელიც იმპორტით შემოდის, მათ შორის ვენესუელადან. ამ პროცესის სწრაფად გარდაქმნა და ამ ნავთობის ბენზინად გამოყენება ვერ მოხდება, ხოლო დრო ფაქტობრივად არ არის.
ახლახან იტალიის ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელმაც განაცხადა, რომ პრობლემა მხოლოდ ფასებში არ მდგომარეობს – მთავარი გამოწვევა გაზისა და ნავთობის მოცულობაა, რომელიც აღარ არის საკმარისი. მისი თქმით, როგორი ფასიც არ უნდა იყოს, თუ მოცულობა არ არსებობს, კრიზისი გარდაუვალია. სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტიურად განიხილება რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ორკვირიანი სამშვიდობო ზავის პირობებშიც კი ისრაელს არ შეუწყვეტია ლიბანის დაბომბვა. ამას ისრაელი მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამას არც მალავს და პირდაპირ აცხადებს, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
ისრაელმა დაბომბა რკინიგზაც, რომელიც ჩინეთის მიერ იყო აშენებული. დაბომბვის მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ გზით ირანში შედიოდა დახმარება, მათ შორის სარაკეტო კომპონენტები. ამაზე ჩინეთმა ძალიან მკაცრი რეაქცია გამოხატა და ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა, ხოლო ჩინეთი, როგორც ვიცით, დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ძალაა. გარდა ამისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ვითარება ასე გაგრძელდება, შესაძლოა ისრაელში ჯარების შეყვანაც განიხილოს. ამასობაში ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში გამოიყენებს ისეთ ძალას, რომლის ფონზეც აქამდე გამოყენებული არსენალი უმნიშვნელო გამოჩნდება.
აქედან გამომდინარე, უკვე ნათლად იკვეთება ტენდენციები და ფაქტორები, რომ შესაძლოა ასეთ გლობალურ ძალებს შორის მოხდეს დაპირისპირება, რაც იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა და წითელი ხაზის გადაკვეთა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


