ირაკლი ზარქუა თინა ბოკუჩავას განცხადების შესახებ: “თქვენთვის ეკლესია, მართლმადიდებლობა – ეს არის პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალება, ამიტომაც იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ”

15

“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიხვდა, რომ რაც უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, შენს ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები, რომ ფონს გახვიდე, გამორიცხულია – ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი გამოერია მათ შორის და თქვა, – მოდი, აბა, ახლა ეს მიმართულება ვცადოთ, რომ თითქოს ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვითომ ღვთისმოშიში და ეკლესიის მხარდამჭერი ხალხია. რატომღაც, იმ ფაქტორს ივიწყებენ, რომ საზოგადოებამ კარგად უწყის, რა შეტევა ხორციელდებოდა ჩვენს მეუფეებზე, რაღა შორს წავიდეთ – ილია მეორეზე, რა სისაძაგლეებს იძახდნენ ჩვენს მართლმადიდებლობაზე, ჩვენს ეკლესიაზე. მათი ლიდერი არ იყო ჩამოსული, როთი, აქ მიტინგებს რომ გვიწყობდა? – მართლმადიდებლობა მუხრუჭია ახალგაზრდებისთვისო. მაშინ რომელიმემ ხმა ამოიღო?! ახლა დაგჭირდათ ეკლესია? ამიტომაც არის, რომ თქვენთვის, ბევრისთვის, ეკლესია, მართლმადიდებლობა – ეს არის პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალება, ამიტომაც არის, რომ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ წესით და რიგით”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ოპოზიციას აქვს საერთო გზავნილის პრობლემა და ისინი არ ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების მოედანზე შესვლას ქართველ ერთან, რათა დაანახონ საზოგადოებას, რომ ისინი „უღმერთოები და ურწმუნოები“ არ არიან.