ეკა სეფაშვილი: “მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახშული ცხოვრობს”

15

„ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, თუმცა ახალი აქ არაფერი თქმულა და ეს ყველაფერი ჩვენ დიდი ხანია, ვიცით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახშული ცხოვრობს”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.

“ევროპული ინტეგრაცია რომ საქართველოს ცივილური არჩევანია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ეს საუკუნეების წინ გადაწყვიტა საქართველომ და განუხრელად მიჰყვება ამ გზას, სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობებისა დაცვით, რომელთა შექმნასა და განვითარებაში ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წვლილი უდიდესია და რომელთა დასაცავად ქართველებს, საუკუნეების მანძილზე, ძალიან ბევრი სისხლი დაუღვრიათ. დღეს ევროპული ინტეგრაცია თუ შეფერხებულია, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან – იმ მიზეზით, რომ ისინი თავად არ იცავენ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც ასე სანატრელი და სანუკვარია ქართველი ერისათვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი კრიზისი ევროკავშირში დაიძლევა და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ისე ხალხთა შორის, განათლების, ტურიზმის, ხელოვნების, სპორტის და სხვა სფეროებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ჩვენი ურთიერთობები”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.