ეკა სეფაშვილი: “მსურს, გარკვეული კრიტიკა გამოვთქვა ჩვენი საელჩოების მუშაობის გამო. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა საგანგაშო ხდება, თუმცა მაშინ, როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით უამრავ რესურსს ხარჯავს, კარგი იქნება, ჩვენი საელჩოები უფრო აქტიურად მუშაობდნენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან”

15

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული, საელჩოების მუშაობა გააკრიტიკა.

„გასაგებია არსებული ვითარება, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, თუმცა მსურს, გარკვეული კრიტიკა გამოვთქვა ჩვენი საელჩოების მუშაობის გამო, რომლებიც, რა თქმა უნდა, მუშაობენ, მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა საგანგაშო ხდება, თუმცა მაშინ, როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით უამრავ რესურსს ხარჯავს, როგორც ადამიანურს, ისე ფინანსურს, უფრო კარგი იქნება, ჩვენი ელჩები, საელჩოების ნებისმიერი პერსონალი უფრო აქტიურად და პროაქტიურად მუშაობდეს მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკოსებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, პროაქტიურად იმუშაონ სხვადასხვა დონის ვიზიტების ორგანიზებისთვის და არ დაელოდონ საგარეო უწყებიდან, საკანონმდებლო ორგანოდან ან სხვა უწყებებიდან მითითებას ნებისმიერი შეხვედრის ან რაიმე სახის აქტივობის ჩატარებასთან დაკავშირებით. მათ თავადაც პროაქტიურად უნდა მოიძიონ ურთიერთობის ის სფეროები და წერტილები, რომელიც საერთო შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა ქვეყანას და აქტიურად ჩართონ ამ ყველაფერში აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და ა.შ. ხელისუფლების შტოები. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება ძალიან კარგი იქნება.
ასევე კარგი იქნება, თუ საელჩოები პროაქტიურად იმუშავებენ ეკონომიკურ მიმართულებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ძალიან დადებითი და მიმზიდველია. ამის შესახებ არაერთი წამყვანი ეკონომიკური თუ ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშები მოწმობს, თუმცა ფინანსური ინვესტიციები და კაპიტალის ინვესტიციები იმ მოცულობით არ არის ქვეყანაში ისეთი, რაც არსებულ ფინასურ და საინვესტიციო კლიმატს შეეფერება. თავისთავად, ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ ქვეყნის შიდა თუ საგარეო მტრები. ამას აქვს თავის გარკვეული დატვირთვა და, რა თქმა უნდა, გარკვეულ შედეგსაც აღწევენ. ვფიქრობ, საელჩოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებების განმტკიცებით. ხალხთა შორის ურთიერთობების გააქტიურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ხალხმა უნდა აწარმოოს ბიზნესი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ადამიანი, რომელიც იცნობს ქვეყანას, ჩამოსულია საქართველოში, ან პირიქით, სხვა ქვეყანაშია ჩასული, უფრო იოლად და უფრო გაბედულად დგამს ნაბიჯებს ეკონომიკური, თუ სხვა ტიპის ურთიერთობების დასამყარებლად”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.