„დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ვიხილეთ ერთგვარი „მასტერკლასი“ – თუ როგორ შეიძლება ლოგიკურად, არგუმენტირებულად და ფაქტებზე დაფუძნებით განვითარდეს მსჯელობა იმაზე, თუ სად ვდგავართ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში და ევროინტეგრაციის გზაზე“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლა.
„ვხედავთ, როგორ კარგად ამუშავდა ბოლო პერიოდში ინტერპელაციის მექანიზმი და ეს არის იმ მიდგომის დამსახურება, რომელიც პარლამენტის ახალ რეგლამენტში იქნა ჩადებული. რეალურად, ეს კონსტიტუციური ბერკეტი – საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების – პრაქტიკაში სწორად იქნა დანერგილი და ეფექტიანად რეალიზებული.
სხვათა შორის, რამდენიმე არასაჭირო და, შეიძლება ითქვას, ბოლომდე არცთუ ისე თავსებადი მექანიზმი, რომელიც რეგლამენტში ცალკე იყო ჩადებული, ამოღებულ იქნა. შედეგად, ამ მიმართულებით მხოლოდ გაძლიერდა პარლამენტი და საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
დღევანდელი ინტერპელაცია ამის კარგი დემონსტრაცია და დასტური იყო. თუმცა, ვისურვებდი, რომ ამ შემთხვევაში ინტერპელაციის ავტორი – ფრაქცია „საქართველოსთვის“, ანუ გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები – უფრო მეტად მომზადებულები და კვალიფიციურები ყოფილიყვნენ როგორც დასმულ შეკითხვებში, ასევე იმ კონკრეტულ გამოსვლებში, რომლებიც დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან ვიხილეთ.
რა თქმა უნდა, ისინი თავიდან ბოლომდე აჰყვნენ დაკვეთას და იმ ყალბ ნარატივს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აბსოლუტურად უსირცხვილოდ ვითარდება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით — თითქოს 2024 წლის ნოემბერში (თუ გავიხსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ) ქართულმა მხარემ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის მტკნარი სიცრუე.
არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებდა შანტაჟის პირობებში ყოფნის გაგრძელებას, რადგან კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული.
დღეს სწორედ ამ თითიდან გამოწოვილი, ყალბი რიტორიკის გაგრძელების მცდელობა ვიხილეთ, რომელიც გახარიას თანაგუნდელებმა სუსტად წარმოადგინეს. ალბათ, ძნელად წარმოსადგენიც იქნებოდა, რომ მათ მაღალი პოლიტიკური კლასი ეჩვენებინათ. სამაგიეროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ნამდვილად ვიხილეთ ერთგვარი „მასტერკლასი“ – თუ როგორ შეიძლება ლოგიკურად, არგუმენტირებულად და ფაქტებზე დაფუძნებით განვითარდეს მსჯელობა იმაზე, თუ სად ვდგავართ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესში და ევროინტეგრაციის გზაზე.
დაკვირვებული თვალი შენიშნავდა იმასაც, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად პირნათელია ევროსტრუქტურებისა და ევრობიუროკრატიის წინაშე. მაშინ, როდესაც საუბარია გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენ როგორც ადრე, ახლაც ვაფიქსირებთ სრულ მზადყოფნას. ეს არის პოლიტიკურად გაცხადებული კურსი, და ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად მივყვებოდით შესაბამის დღის წესრიგს, მათ შორის იმასაც, რაც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათი მხრიდან შეიცვალა ნარატივი და დაიწყო უსამართლო თავდასხმების მთელი წყება, როდესაც აშკარად გამოიკვეთა შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები და გაჩნდა შანტაჟის ენა, ამას ბუნებრივად მოჰყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი პასუხი.
ამრიგად, დღევანდელი დისკუსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა არის თანმიმდევრული, გააზრებული და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული. სასურველი იქნებოდა, რომ მეორე მხრიდანაც — ამ შემთხვევაში, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებისგან — ანალოგიური დამოკიდებულება გვენახა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. პირიქით ისინი სულ უფრო მეტად ცდილობენ ჩარაზონ კარი დიალოგისა და დისკუსიისთვის. მათი მხრიდან თითქოს „ყრუ კედელია“ აღმართული და ცდილობენ, საქართველო მუდმივი შანტაჟის პირობებში ამყოფონ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


