დავით ჩიხელიძე: „აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგს იწვევს“

35

„აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! აღნიშნული დაავადების მკურნალობისა და პრევენციის პროცესში აუცილებელია, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე ადამიანებს „საცდელ კურდღლებად“ ვერ გამოიყენებს“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგს, ხოლო რიგ შემთხვევაში, სერიოზულ გართულებებს იწვევს.

სამწუხაროდ, დღეს დიუშენის სინდრომისგან სრულად განკურნების მედიკამენტი არ არსებობს. ეს არის რეალობა. სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დააყენებს და არ შემოიტანს მედიკამენტს, რომლის უსაფრთხოება საკმარისად დადასტურებული არ არის. სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეს და მის ჯანმრთელობას!

მსოფლიომ უკვე გაიარა ეს გზა, მაგრამ სასურველი შედეგი, ჯერჯერობით, არ მიღწეულა. მესმის მშობლების პროტესტი და მათი ტკივილი, თუმცა ისინი, სამწუხაროდ, მედიკამენტების ეფექტიანობის შეფასებისას არა ფაქტებს, არამედ აღქმებსა და იმედს ეფუძნებიან. თუ სახელმწიფოს მიერ ნაყიდი მედიკამენტის მიღების შემდეგ ადამიანი ან ადამიანები გარდაიცვლებიან, ვისი პასუხისმგებლობა იქნება?

დღეს მსოფლიოში არსებულ მედიკამენტებს აქვს სერიოზული შეზღუდვები და გვერდითი ეფექტები. განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მეცნიერები და ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ახალ, უფრო უსაფრთხო და ეფექტიან თერაპიებზე, რაც იმედს გვაძლევს, რომ მომავალში უსაფრთხო და ეფექტიანი მედიკამენტი შეიქმნება.

სახელმწიფოს მთავარი როლია, გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს და დაიცვას მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს სახელმწიფო დღეს.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დიუშენის სინდრომი არ არის რიგითი მარტივი დაავადება. ეს არის უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რომელიც, საშუალოდ, 100 000 ადამიანში 3 შემთხვევაში ფიქსირდება; მისგან სრულად განკურნებული ადამიანი, პრაქტიკულად, არ არსებობს; მიუხედავად მედიკამენტების მიღებისა, დაავადება პროგრესირებს და განვითარებას არ წყვეტს. ეს დადასტურებულია მეცნიერულად. ეს არის სამწუხარო სიმართლე დიუშენის სინდრომის შესახებ“, – წერს დავით ჩიხელიძე.