პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის – შარლ მიშელის „ბრიუსელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება.
„როგორც კი ემშვიდობები ევრობიუროკრატიას, გიბრუნდება გონება და საღი აზრი. ამის ნათელი მაგალითია, თურმე, ნორმალურად და საღად მოაზროვნე ჟოზეფ ბორელი. დღეს მას შეუერთდა ჩვენთვის კარგად ცნობილი შარლ მიშელი, რომელიც ისტორიაში მხოლოდ იმით შევიდა, რომ მისი სახელობის საპარლამენტო ფრაქცია შექმნა “ჭიჭე” ვაშაძემ. დღეს ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია.
„ბრიუსელ თაიმსთან“ ინტერვიუში მან განაცხადა: „ეს არის მმართველობის ჰიპერავტორიტარული სტილი… კომისრები აღარ თამაშობენ არანაირ როლს“. მიშელმა აღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობის დასაწყისიდანვე გააცნობიერა, თუ რამდენად რთული იყო ფონ დერ ლაიენთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაზე რეგულარული, პირისპირ კოორდინაციული შეხვედრების შესახებ მის წინადადებებს ფონ დერ ლაიენი სისტემატურად უარყოფდა.
„ერთ რამეს გეტყვით: კოლეგასთან თანამშრომლობისას აქამდე არასდროს შემხვედრია ასეთი სირთულე. არასდროს. საქმე პირად თვისებებს არ ეხება. „საქმე ევროპული პროექტის არსს ეხება“, – ხაზგასმით აღნიშნა მიშელმა. ის მიიჩნევს, რომ ფონ დერ ლაიენს არასწორად ესმის თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, რადგან ვერ დგამს ნაბიჯებს ერთიანი ბაზრის დასაცავად და ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის. მიშელმა დასძინა, რომ მან მისცა თავის თავს უფლება, ასე მკაცრად ელაპარაკა, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა, შიგნიდან დაკვირვებოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მუშაობას“, – წერს დავით ქართველიშვილი.


