„ისეთი პირდაპირი და უხეში ჩარევები, როგორიც ახლა უნგრეთში ხდება, მართლაც რთულად მოიძებნება ისტორიაში, თუ არ გავიხსენებთ დაახლოებით ერთი ან წელიწადნახევრის წინ რუმინეთში განვითარებულ მოვლენებს, არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნების შედეგები პირდაპირ გაუქმდა. ყველასთვის ცნობილია, რა მოხდა იქ მეორე ტურში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის დაწესებულ მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.
„ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის დაწესებული „27 მოთხოვნა“ ეხება იმ პირობებს, რომლებიც ევროკავშირმა უნგრეთს დაუწესა, რათა ქვეყანამ მიიღოს გაყინული ფინანსური დახმარება და სრულად ისარგებლოს ევროკავშირის ფონდებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოთხოვნები პიტერ მადიარს ახლა კი არ წაუყენეს, არამედ მაშინვე როგორც კი გამოჩნდა, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ბრიუსელში წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, რა ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო უნგრეთში მადიარის გამარჯვების შემთხვევაში.
ამ მოთხოვნებში შედის საკითხები, რომლებიც, ფაქტობრივად, უნგრეთის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს – სუვერენიტეტს -ეხება. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია მიგრანტების თემასთან, ლგბტ საკითხებთან, სკოლებში პროპაგანდის დაშვებასთან და ასე შემდეგ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მიგრაციის საკითხს, რომელიც მტკივნეულია როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის, ასევე განსაკუთრებით უნგრეთისთვის. უნგრეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეინარჩუნა სოციალური ერთობა და არ დაუშვა ქვეყანაში მასობრივი მიგრაცია. მან უარი თქვა მიგრანტთა კვოტებზე, რის გამოც საკმაოდ დიდ ჯარიმებს იხდიდა, მაშინ როდესაც თავად ჰქონდა დაბლოკილი ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებზე წვდომა. ამ დროისთვის ეს დაბლოკილი თანხა დაახლოებით 35 მილიარდ ევროს შეადგენს.
სწორედ ამ 35 მილიარდი ევროს გასახსნელად წაუყენა ბრიუსელმა მადიარს პირობები, რომ თუ ამ თანხის მიღება უნდათ, უნდა შეასრულონ კონკრეტული მოთხოვნები: შეცვალონ სასამართლოების გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზე, გადახედონ მიგრაციის პოლიტიკას, დაუშვან ლგბტ თემატიკის გავრცელება განათლების სისტემაში და სხვა.
ყველაზე დიდი უცანურობა ისაა, რომ ბრიუსელი, ფაქტობრივად, არ ცნობს წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ სჭირდებათ არა დამოუკიდებელი ლიდერები, არამედ ვასალები – მათი ნების აღმსარულებელი ფიგურები.
საქართველოს მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ – ჯერ არ შევსულვართ ევროკავშირში და უკვე ითხოვენ სუვერენიტეტის წინასწარ დათმობას.
თუ რომელიმე ქვეყანაში ჩნდება ლიდერი, როგორიც ვიქტორ ორბანია, მის წინააღმდეგ იწყება აღვირახსნილი საინფორმაციო შტურმი ან ისეთი ოპერაციები, რაც უნგრეთსა და რუმინეთში ვიხილეთ. ამ მაგალითებით ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ და ჩვენი დამოკიდებულებებიც უნდა განვსაზღვროთ ევროკავშირის მიმართ.
რაც შეეხება პიტერ მადიარს — როგორ გააკეთებს არჩევანს ამომრჩეველსა და ბრიუსელს შორის, ეს მისი გადასაწყვეტია. მის სასარგებლოდ არჩევანი გააკეთეს როგორც ბრიუსელის ბიუროკრატიამ, ისე უნგრელმა ამომრჩეველმა, თუმცა უნგრელი ამომრჩევლის ინტერესში რამდენად შედის ის, რაც შედის ბრიუსელის ბიუროკრატიის ინტერესში – ეს უკვე სხვა საკითხია.
ჩემი შეფასებით, მას მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ამის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ისიც, რომ თავდაპირველად განათლების მინისტრად კონსერვატორი კანდიდატი წარადგინა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა, ლგბტ აქტივისტი წარადგინა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოუწევს საბოლოო არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.


