„საქართველოსთვის სუსტი ევროკავშირი ხელსაყრელი არ არის. პირიქით, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ძლიერი ევროკავშირი – საკუთარი ინტერესების გამტარებელი და იმ ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.
„საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის განსხვავება, ჩემი შეფასებით, ძალიან უმნიშვნელოა. საბჭოთა კავშირშიც არსებობდა იდეოლოგიური მომენტი და მორჩილების სტანდარტი. მსგავსად ამისა, ევროკავშირსაც აქვს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც მათ გაწერილი აქვთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირს ჰქონდა კომუნიზმის სახელმძღვანელოები დაწერილი. ასე არის ევროკავშირშიც, მასაც აქვს ჩამოწერილი ეს ღირებულებები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ და დაიცვან მისმა წევრმა სახელმწიფოებმა. თუმცა, ამ ღირებულებების უკან იმალება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებლები არიან – როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა დიდი სახელმწიფოები. ანალოგიურად, საბჭოთა კავშირშიც, კომუნისტური იდეოლოგიის უკან იმალებოდა და შენიღბულად არსებობდა რუსული შოვინიზმი.
სიმართლე გითხრათ, ევროკავშირის მომავალი, პირადად ჩემთვის ბუნდოვანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის სუსტი ევროკავშირი ხელსაყრელი არ არის. პირიქით, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ძლიერი ევროკავშირი – საკუთარი ინტერესების გამტარებელი, იმ ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული, რაც თავდაპირველად ჰქონდა და რასაც პირველი ათწლეულები მიჰყვებოდა.
ასეთ შემთხვევაში, საქართველო და სამხრეთ კავკასია იქნებოდა მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი ძლიერ ევროკავშირსა და ჩინეთის ეკონომიკას შორის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მისაღები და მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე იმ გაურკვეველ ლგბტ იდეოლოგიის მორევში ჩაფლული ევროკავშირი, რომელიც ეკონომიკურად ყოველდღიურად სუსტდება“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.


