ბრიტანული გამოცემა „The Times“-ის ინფორმაციით, გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს „უკუსვლის“ გამო, რადგან დაფინანსების ნაკლებობა თავდაცვის კომპანიებს საქმიანობის საზღვარგარეთ გადატანისკენ უბიძგებს.
ყოფილი სამხედრო მეთაურის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ომისთვის მომზადებაზე „ფიქრი“ შეუძლიათ, რადგან, დაფინანსების ნაკლებობის გამო, ახალი იარაღის შესაძენად 2030 წლამდე ფული აღარ დარჩა.
სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის თანაავტორმა, გენერალმა სერ რიჩარდ ბარონსმა “The Times-ს” განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო (MoD) გასული წლის ივნისიდან, მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ, “უკან” წავიდა. მან გააფრთხილა საზოგადოება, რომ ინვესტიციების ნაკლებობა „ამოწურავს“ ინდუსტრიულ ბაზას, თავდაცვის კომპანიები კი საზღვარგარეთ გადიან.
მისი თქმით, არმიას „ძლივს“ ჰყოფნის თანხა ტრადიციული ეკიპაჟიანი პლატფორმებისთვის – მაგალითად, ტანკებისთვის, ვერტმფრენებისა და არტილერიისთვის, თუმცა, არ აქვს რესურსი ერთჯერადი, დიდწილად ავტონომიური სისტემებისთვის, როგორიცაა მოძრავი ტიპის საბრძოლო მასალები, კამიკაძე დრონები ან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები.
„ახლა ფული არ არის და, შესაძლოა, ოთხი წლის განმავლობაშიც არ იყოს, ამიტომ ბევრმა ტექნოლოგიურად ბრწყინვალე კომპანიამ გერმანიასა და პოლონეთში ან აშშ-ში ფულის გამოყენების გზა გაიკვლია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იმ სამრეწველო ბაზის რეალურად გამოფიტვის რისკის ქვეშ ვართ, რომელიც, ვიცით, რომ გვჭირდება ტრანსფორმაციის განსახორციელებლად“, – განაცხად ბარონსმა.
მისი თქმით, მომავალში გაერთიანებულ სამეფოს მოუწევს თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების საზღვარგარეთ პროექტებზე დახარჯვა, რაც „სამწუხაროა“.
„თუ ახლა არ დავხარჯავთ ფულს, ამით არა მხოლოდ შევამცირებთ შეკავების შესაძლებლობას და ოპერაციულ ეფექტიანობას, არამედ შევასუსტებთ ჩვენს ინდუსტრიულ ბაზასაც. შედეგად, როცა საბოლოოდ გვექნება ფული, იძულებული გავხდებით, ყველაფერი უცხოეთიდან შევიძინოთ , რაც არასოდროს ყოფილა ჩვენი გეგმა“, – განაცხადა სერ რიჩარდ ბარონსმა.


