გურამ ნიკოლაშვილი IRI-ს კვლევაზე: „ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა“

11

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნება“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა IRI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს შედეგი ძალიან მარტივად ასახსნელია: ამ ადამიანებმა 2024 წელს ჯამურად მიიღეს 800 ათასი ხმა. რა თქმა უნდა, ეს ხმები ავტომატურად არ ჯამდება, იმიტომ რომ მათ თუ დაჯამება უნდოდათ, უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 1 ოქტომბერს და მანამდეც – გაეკეთებინათ მინიმუმ კოალიცია. მათ ეს არ გააკეთეს, რადგან ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ და მივიღეთ მრავალფეროვნება. სხვათა შორის, აქ უკვე ამომრჩევლის გამოცდის საკითხია, რადგან ამომრჩეველს ხუთი-ექვსი პარტიიდან უნდა ამოერჩია. გარკვეულწილად, გემოვნების თვალსაზრისით მოხდა ამ ოპოზიციური ელექტორატის დაყოფა და დაიყო დაახლოებით თანაბარ ნაწილებად.

რაც შეეხება IRI-ს კვლევას, ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნება“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა. ეს არის პასუხი იმაზე, რასაც ეს რადიკალური ძალები იძახიან: „ჩვენ ვატარებთ მიტინგებს, გვინდა რევოლუცია, ცვლილება და ა.შ.“ არა! ამ ადამიანებმა ხმა მისცეს დემოკრატიულ პროცესს და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას – ამ ოპოზიციის ამომრჩეველსაც არ უნდა ომი.

შესაბამისად, იმ 800 ათასი კაციდან რუსთაველზე დარჩა 8 ათასი კაცი, მერე ეს 8 ათასიც გაქრა და დღეს, დიდად დაანონსებულ დღეებში, 800 კაცი თუ გამოვა, ხოლო აქციებზე დადის მხოლოდ 80. აი, ასე აკლდება ნულები ამ ყველაფერს“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.