„ამ რეზოლუციების ფასი ფაქტობრივად ნულის ტოლია — ისინი არაფერს ასახავს, გარდა საქართველოს მიმართ აგრესიისა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ვერ ხერხდება იმ მიზნების განხორციელება, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით აქვთ და რომლებიც არანაირად არ ემთხვევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის ნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„ეს უკვე ის შემთხვევაა, როდესაც აღარავის აღელვებს მათი რეზოლუციები — ისინი უბრალოდ მაინც წერენ და წერენ ერთი და იმავე შინაარსის დოკუმენტებს: გვთხოვენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას, ოჯახური ღირებულებების უგულებელყოფას და გვემუქრებიან სანქციებით, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებით.
რა თქმა უნდა, ეს მუქარები მათი მხრიდან პირველი არ არის. ქართველ ხალხს უკვე გავლილი აქვს ის ეტაპი, როდესაც გვჯეროდა, რომ ევროპარლამენტი მართლაც ღირებული ევროსტრუქტურა იყო, შესაბამისი იმ ღირებულებებისა, რომელთაც ასე ენდობა ქართველი საზოგადოება. თუმცა დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტმა მნიშვნელოვნად დაკარგა სანდოობა.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ამერიკული FARA-ს მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტების დაწერილია. შესაბამისად, ამ რეზოლუციების ფასი ფაქტობრივად ნულის ტოლია – ისინი არაფერს ასახავს, გარდა ერთი რამისა: აგრესიას საქართველოს მიმართ. ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ ვერ ხერხდება იმ მიზნების განხორციელება, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით აქვთ ჩაფიქრებული და რომელი მიზნებიც არანაირად არ ემთხვევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის ნებას. რომ ემთხვეოდეს, მითითებაც არ დაგვჭირდებოდა — თავადვე განვახორციელებდით.
გვეუბნებიან, რატომ გვინდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების კონტროლი, მაშინ როცა სხვა ფინანსური ნაკადების კონტროლს თავადვე გვთხოვენ. არსებობს სხვადასხვა რეიტინგები — ბიუჯეტის გამჭვირვალობის, მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობის და სხვა. ანუ სურთ სრული გამჭვირვალობა ყველაფერში, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადარიცხული თანხებისა.
ვიხილეთ ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისრის, მარტა კოსის, განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად მოძებნიდნენ გზებს არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, საჭიროების შემთხვევაში კანონის გვერდის ავლითაც კი. ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ კაია კალასის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც დაფინანსების შემცირება „იძულებითი“ იყო. როგორც ჩანს, ვერ მოძებნეს მექანიზმები, ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები, რომლითაც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდებოდნენ. აქ საუბარი არ არის ყველა ორგანიზაციაზე, არამედ იმ ნაწილზე, რომლებიც თანამედროვე ევრობიუროკრატიის დაკვეთებს ასრულებენ — დაკვეთებს, რომლებიც სულ უფრო ემსგავსება კრემლის პრაქტიკას.როდესაც საბჭოთა პერიოდში გადაწყვეტილებებს კრემლი იღებდა და რესპუბლიკებისა და მათი მოსახლეობის აზრი არავის აინტერესებდა. სწორედ მსგავსი მიდგომის დანერგვა სურს, როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას.
მსგავსი დოკუმენტები და განცხადებები აზიანებს ევროპარლამენტის სანდოობას, და, რაც მნიშვნელოვანია, პრობლემებს უქმნის თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მომისმენია, რომ მათი მოსახლეობა ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს ევროპარლამენტი და რა არის მისი რეალური ფუნქცია. ასეთი ტიპის, დეზინფორმაციაზე დაფუძნებული და მუქარის შემცველი რეზოლუციები ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ეს, სხვათა შორის, ჩვენთვისაც ცუდია, რადგან, საბოლოოდ, როდესაც დადგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი — და ეს მოხდება მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი დაუბრუნდება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა — აუცილებელი გახდება ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება. ამ პროცესში კი ნდობის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება, და დღეს სწორედ ეს ნდობა ზიანდება ევროკავშირის მიმართ.
ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვა: „რატომ უნდა ვისწრაფოდეთ ასეთი კავშირისაკენ?“ — თუ გამჭვირვალობა მიუღებელია, თუ თავს გვახვევენ მიუღებელ იდეოლოგიურ საკითხებს, მაშინ რა რჩება ევროკავშირისგან? ასეთი კითხვები ბუნებრივია, რადგან ნეგატიური ფონი დომინირებს. თუმცა ამ ნეგატივის მიღმა არსებობს მნიშვნელოვანი პოზიტივიც: ევროკავშირთან ინტეგრაციას მოაქვს არაერთი რეფორმა — ადამიანის უფლებების, მომხმარებელთა დაცვის, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიმართულებით. ეს ნიშნავს უფრო მაღალ სტანდარტებს, მეტ თავისუფლებას, უკეთეს სამართლებრივ გარემოს და მოქალაქეთა უფლებების უფრო ეფექტურ დაცვას.
აი ეს ყველაფერი არის ის სიკეთე, ის პოზიტივი, რის გამოც ევროკავშირთან ინტეგრაცია გვინდა. თუმცა დღეს ეს პოზიტივი იჩრდილება სწორედ ასეთი ნეგატიური, უსამართლო და მუქარის შემცველი რეზოლუციების ფონზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


