თამარ კიკნაძე: „ზელენსკი დამოუკიდებელ ფიგურას არ წარმოადგენს — როგორც ჩანს, საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირების შესახებ მითითება მას იმ ადამიანებმა მისცეს, რომლებიც ზელენსკისა და უკრაინის პოლიტიკურ ბედს განკარგავენ“

17

„ვთანხმდებით იმაზე, რომ ზელენსკი დამოუკიდებელ ფიგურას არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, რომლებიც ზელენსკისა და უკრაინის პოლიტიკურ ბედს განკარგავენ, მას შესაბამისი მითითება მისცეს — მიიღო დავალება, დაკვეთა თუ ინსტრუქცია, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დარეგულირებულიყო“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ კიკნაძემ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამას შესაძლოა თავისი მიზეზებიც ჰქონდეს, რადგან იმ პროცესების ფონზე, რასაც დღეს მსოფლიოში ვხედავთ, კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და ბუნებრივია, ეს კავკასიაში ევროპული ძალების გავლენის გაძლიერების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

უნდა ითქვას, რომ თავის დროზე საქართველოს ძალიან ცუდად მოექცნენ როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები, ისე ევროკავშირის წარმომადგენლები. მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველომ უკრაინას უპრეცედენტო დახმარება გაუწია, საქართველოსგან საკუთარი ინტერესების ხარჯზე სხვისი ინტერესების დაცვას მოითხოვდნენ. ეს უკვე პოლიტიკის ჯანსაღი ფორმა აღარ არის.

შესაბამისად, საქართველომ იმოქმედა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სრულიად გამართლებულია“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.