„ერევანში გამართული სამიტი, ევროკავშირისა და მისი მაღალჩინოსნების მონაწილეობით, პირველ რიგში აღქმული იყო როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ნიკოლ ფაშინიანი უახლოეს მომავალში საარჩევნო კამპანიას იწყებს“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათან დოქტორმა, პროფესორმა, თამარ კიკნაძემ განაცხადა.
„გარდა ამისა, ვიხილეთ სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა — აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამიტზე ფიზიკურად არ ჩასულა, თუმცა დისტანციურად ძალიან კრიტიკული განცხადებით გამოვიდა. მან ევროპელი ლიდერები დაადანაშაულა იმაში, რომ მიუხედავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესისა, ევროკავშირის წარმომადგენლები ამ პროცესის ხელშეწყობის ნაცვლად, ხელს უშლიან მას. ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები და გააჟღერა მუქარა, რომ ევროპულ ინსტიტუტებს დატოვებს.
ამ პირობებში, როდესაც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ასეთი მწვავე განცხადებებით გამოდის, საინტერესოა, რა პოლიტიკა უნდა გაატარონ თავად ევროკავშირის ქვეყნებმა.
საქართველოს პოზიციასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრას რაც შეეხება, ფაქტობრივად, არანაირ დოკუმენტს ხელი არ მოწერილა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა და მოკლე ფორმატში გაიმართა.
ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, რაც, ევროკავშირის ჩინოვნიკების არამეგობრული დამოკიდებულებითა და იმ რეზოლუციებით იყო განპირობებული, რომლებიც საქართველოს მიმართ მიიღეს. მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო ანგარიში, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიქართულ დოკუმენტად აფასებენ“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


