ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს ანგარიშის შესახებ: “ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე. ადეკვატური რა წერია?”

11

“ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე. ადეკვატური რა წერია?” – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის შესახებ საუბრისას.

„ისეთ რეზოლუციებს იღებენ, სადაც წერენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ზურაბიშვილი მგონი აქაც მოხსენიებულია პრეზიდენტის რანგში, გვიწერენ, რომ თურმე მედიაპლურალიზმი საქართველოში არ არის, მაშინ, როდესაც „TV პირველი“, „ფორმულა“, ინტერნეტ მედია-გამოცემები, რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ და წერენ.

აბსურდია, რომ მზია ამაღლობელი თურმე პოლიტპატიმარია და საერთოდ უგულებელყოფენ იმას, რომ პოლიციელს სილა გაარტყა.

შესაბამისად, მერე არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდობა ევროპარლამენტის მიმართ ძალიან შემცირებულია.

ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ მაქვს ისეთი განცდა, რომ პიკს უკვე მიაღწია და ეს პიკი უკვე გადავიარეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.