პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმ თემებზე ილაპარაკა, რომლებზეც ალბანეთის პარლამენტის ვიცე- სპიკერთან შეხვედრაზე ისაუბრეს.
„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ალბანეთის პარლამენტის ვიცე სპიკერს შევხვედროდი, გვესაუბრა, უპირველეს ყოვლისა, ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ გვექნება საპარლამენტო თანამშრომლობა, ურთიერთვიზიტების გაცვლა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რომლებიც ახლავს ამ გზას, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, დღეს მექნება ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის ვიცე- სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებზე და გამოწვევებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


