შალვა პაპუაშვილი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვების შესახებ: „შემდეგ ასამბლეაზე იმედი გვაქვს, რომ უკვე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება“

8

საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას გეგმავს.

„უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას. იმედი გვაქვს, რომ გვექნება დადებითი შედეგი. ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება. ასე რომ, შემდეგ ასამბლეაზე იმედი გვაქვს, რომ უკვე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება.
ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, მათ შორის ამ ასამბლეაზე, აღიარებს ერთ რამეს – რომ გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მათ თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონულ თანამშრომლობას აქვს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო. იმის გამო, რომ გამოწვევები არის მსგავსი. იმიტომ, რომ რეგიონულ პლატფორმებზე მოთანამშრომლე ქვეყნებმა იციან ის გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და ამბობენ, რომ მეტი შესაძლებლობაა, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.