“სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ”, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
„აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს. ეს არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა. ამ საქმეში რომ იყოს დამკვეთი და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, არ შევიკავებდით თავს. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ამის პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო და, როცა დანაშაულია სახეზე, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმეს ვერიდებით.
აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, პიარკამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, ამაზე მტკიცებულებებიც მიუთითებს, – ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, პირობითად, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი.
ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარკამპანიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


