„ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 26 მაისი დააანონსეს, მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს ის 26 მაისი, როცა სისხლით მორწყულ მოედანზე აღლუმი ჩაატარეს. ეს ადამიანები დღესაც ყველაფერზე წამსვლელები არიან, რადგან ფულზე და ძალაუფლებაზე არიან დაგეშილები“ – გიორგი სოსიაშვილი 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე

14

„ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 26 მაისი დააანონსეს, მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს ის 26 მაისი, როცა სისხლით მორწყულ მოედანზე აღლუმი ჩაატარეს. ეს ადამიანები დღესაც ყველაფერზე წამსვლელები არიან, რადგან ფულზე და ძალაუფლებაზე არიან დაგეშილები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ამ ადამიანებს სრულიად დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება — რეალობას მოწყვეტილი, მართლაც ფაშისტური და რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ყველაფერი ბიზნესად, ფულის კეთების ინსტრუმენტად აქციეს: საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაც, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაც. ამ ყველაფრის უკან კი ძალიან დიდი და ძალიან ბნელი ფული დგას.

ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და დღესაც არიან, რადგან ფულზე და ძალაუფლებაზე არიან დაგეშილები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება კვლავ ხელში ჩაიგდონ.

თუმცა რა უნდა გამოუვიდეთ ადამიანებს, რომლებიც ღვთისმშობლის ხატს შეურაცხყოფენ, ქართულ ღვინოს ბილწავენ, ქართულ ეკლესიას აგინებენ, ერთსქესიანთა ქორწინებას ქადაგებენ და გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან? სამშობლოდაკარგულ ადამიანებს რომელი ქართველი გაჰყვება და რომელი ქართველი დაუდგება გვერდში?

ქართველმა ხალხმა თავისი მტკიცე პოზიცია უკვე არაერთხელ აჩვენა – მაშინაც, როდესაც მივიდა და პატივი მიაგო მისი უწმინდესობის ხსოვნას, და მაშინაც, როდესაც ქვეყნის სათავეში მოიყვანა და აირჩია ჭეშმარიტად ეროვნული ხელისუფლება – „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.