„მჯერა, დღევანდელი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდებულ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა უნეტარესმა, აწ განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიტოვა“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო კახაძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
„მივულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველობას, მსოფლიოში განფენილ ქართველობას, ჩვენს ყველა გულშემატკივარს დედამიწაზე და, რაც მთავარია, ცათა ბინადართა უკვდავ სულებს.
„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ – იმიტომ, რომ დღეს ვზეიმობთ ანდრია პირველწოდებულის დღეს, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ჩვენს მიწაზე შემობრძანებას და გაქრისტიანების გზაზე ამ დიდებულ ნაბიჯს — თავად ამ დღის აღმნიშვნელ ღვთისმშობლის წილხვედრობის დღეს. ამ დღის გვირგვინი კი არის ის, რომ სრულიად საქართველოს ახალ სამერმისში, ახალ საუკუნეში, დამოუკიდებელ საქართველოში პირველად მოხდა პატრიარქის გამორჩევა და აღსაყდრება. რა კარგი სიტყვაა – „გამორჩევა“ – მრავალ თანასწორთაგან ერთის გამორჩევა. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავმდაბალი კაცია მეუფე შიო.
დიდება და უკვდავება ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სულს. მან თავის სიცოცხლეშივე დაინახა, გამოარჩია და თანამოსაყდრედ დაადგინა მეუფე შიო. ცხრა წლის განმავლობაში განუმეორებელი იყო მის გვერდით მსახურება — ადამიანის გვერდით, რომელიც მთლიანად სიკეთისთვისაა მომართული, თავისი ქვეყნის უპირატესობის დამტკიცებისა და იმ ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებისთვის, რომელიც ჩვენამდე მოვიდა. საოცარია, როგორ შეისისხლხორცა ეს ყველაფერი.
ყველაზე დიდი და მართალი სიტყვა, რომელსაც ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში წარმოთქვამს, არის „მადლობა“. ცხოვრება მადლობის ფორმაა. მის სამადლობელ სიტყვაშიც როგორი თავმდაბლობა ჩანდა, როგორი მღელვარება. ეს გზა მისთვის ერთდროულად სასიამოვნოცაა და უდიდესი ტვირთიც, დიდი პასუხისმგებლობაც.
მჯერა, დღევანდელი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს მღვდელმთავარი – შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდებულ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა უნეტარესმა, აწ განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიტოვა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.


