„პატრიარქის არჩევა არ მომხდარა არც ტელევიზიების გავლენით და არც სოციალური ქსელების პოსტებით – ეს მოხდა ზეცაში და გაიმარჯვა იმან, ვისზეც უფლის ნება აღსრულდა“ – დავით ქართველიშვილი

14

„პატრიარქის არჩევა არ მომხდარა არც ტელევიზიების გავლენით და არც სოციალური ქსელების პოსტებით – ეს მოხდა ზეცაში და გაიმარჯვა იმან, ვისზეც უფლის ნება აღსრულდა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„სხვების მსგავსად, მეც ვადევნებდი თვალს ამ ჯანსაღ და არაჯანსაღ აჟიოტაჟს – ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში – და ყველამ დავინახეთ როგორც ადეკვატური, ისე არაადეკვატური განცხადებები, ჯანსაღი და არაჯანსაღი მოლოდინები. დავინახეთ ყველაფერი ის, რაც ბოლო დროს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას ახასიათებს.

იყო ასევე პოლიტიზებული დაყოფა საპატრიარქო ტახტის კანდიდატებს შორის – გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამა თუ იმ კანდიდატს მისიანებად ან არამისიანებად მიიჩნევდნენ, მიმდინარეობდა პოლარიზაციის გაღვივება და საზოგადოების კიდევ ერთი ნიშნით დაყოფა. მადლობა ღმერთს, ამას გასაქანი არ მიეცა, რადგან 10–12 მაისის მოვლენები საქართველოში აკადემიურად, კლასიკურად, ქართულად და მართლმადიდებლურად ჩატარდა.

მივესალმები იმას, რომ საქართველოში ილია მეორის გზა და მემკვიდრეობა გრძელდება, რომ პატრიარქის არჩევა არ მომხდარა არც ტელევიზიების გავლენით და არც სოციალური ქსელების პოსტებით – ეს მოხდა ზეცაში და გაიმარჯვა იმან, ვისზეც უფლის ნება აღსრულდა.

ეს ბევრს შეიძლება მოეწონა ან არ მოეწონა – ცივი წყალი დალიონ, მაგრამ მე მივესალმები იმას, რომ მათ შორის ბევრი სასულიერო პირიც იძულებული გახდა, შეგუებოდა უფლის გადაწყვეტილებას და, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, ცხოვრების გაგრძელების ცივილიზებული ფორმა აერჩია“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.