„ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს პირველად აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ტიპის ლიტურგიებზე, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხსენებაც ხდება.ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა იმისა, რომ საერთოდ არ იციან რა თემას მოეჭიდონ, რა წამოწიონ პოლიტიკური განსჯის დონეზე და აბსოლუტურად უმეცრები არიან“, – ასე შეაფასა ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ჯგუფების რეაქცია პატრიარქის ინტრონიზაციის ღვთისმსახურებისას, სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად, რუსეთის პატრიარქის მოხსენიებაზე.
„არც ერთი საპატრიარქო ღვთისმსახურება საქართველოში არ ტარდებოდა ისე, რომ დიდი გამოსვლის დროს მსოფლიო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მაღალი იერარქები არ მოეხსენიებინათ. ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს პირველად უყურეს საპატრიარქო წირვას გამადიდებელი შუშით და პირველად აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ტიპის ლიტურგიებზე, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხსენებაც ხდება.
ეს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გასაგები ლუსტრაციაა იმისა, რომ საერთოდ არ იციან რა თემას მოეჭიდონ, რა წამოწიონ პოლიტიკური განსჯის დონეზე და ამ საკითხებში აბსოლუტურად უმეცრები არიან.
ყველაფერი, რაც 12 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა, უმაღლეს დონეზე, კანონიკური წესების სრული დაცვით შესრულდა. ხომ შეიძლებოდა, ამ წესებში რაიმე შეშლოდათ კიდეც, რადგან უკანასკნელად მსგავსი ლიტურგია და პროცესი 1977 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა. მიუხედავად ამისა, არაფერი შეშლიათ და ყველაფერი, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავს, ზედმიწევნით შესრულდა.
მაგრამ რაღაც უნდა ეთქვათ – არ მოეწონათ პატრიარქი, არ მოეწონათ ღვთისმსახურების მიმდინარეობა, არ მოეწონათ რუსი პატრიარქის ხსენება.
ჩემი აზრით, ყველაზე სწორი იქნება შევეშვათ მათ, ზედმეტ ყურადღებას ნუ დავუთმობთ, თუმცა ყოველ ჯერზე ხაზი გავუსვათ მათ უმეცრებას და ყოველთვის ვამხილოთ მათი ნებისმიერი განცხადება თუ პოლიტიკური ნაბიჯი“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


