„ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისას უნებურად Back in the U.S.S.R. მახსენდება – The Beatles-ის უკვდავი კომპოზიცია „უკან საბჭოთა კავშირში“ – შალვა ოგბაიძე

7

„ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისას უნებურად Back in the U.S.S.R. მახსენდება – The Beatles-ის უკვდავი კომპოზიცია „უკან საბჭოთა კავშირში“, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

„ევროკავშირი, ევრობიუროკრატია – მე არ ვიცი „დიფსთეითი“ რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ორგანულად ვერ იტანენ ქართველ ერს. საქმე მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება – მთლიანად ერს ვერ გვიტანენ. ეს არის სწორედ ის შოვინიზმი, რის გამოც ჩვენი თაობა ვერ გასცდა რუსთაველის გამზირს, სანამ საქართველომ რეალური დამოუკიდებლობა არ მოიპოვა. სწორედ ამიტომ მახსენდება საბჭოთა კავშირთან ბრძოლა და ის რუსული შოვინიზმი, რომელსაც აწმყოშიც ყოველდღიურად ვაწყდებით.

ამ ევროვაჟბატონებსა და ევროქალბატონებს, რომლებიც დემოკრატიას გვასწავლიან, ერთ რამეს ვეტყოდი: დემოკრატიისთვის არის მოგონილი ტელევიზორის პულტი. თუ „პოსტივის“ ან „იმედის“ გადაცემები მათ ნაზ გრძნობებს ეხება, შეუძლიათ უბრალოდ სხვა არხზე გადართონ.

ჩვენც ყოველდღე ვისმენთ გარკვეული არხებიდან არა კრიტიკას – ჯანსაღი კრიტიკა, პირიქით, სასარგებლოც კია – არამედ აღვირახსნილ ლანძღვა-გინებას. მაგრამ მერე რა? გავაუქმეთ ეს არხები? რომელიმე დავხურეთ?

დავესესხები ქართულ სიბრძნესა და ანდაზას: „კუ და ხარი თავისთვის არ იყო, სხვას ბუზებს უგერიებდაო“. ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამყარონ წესრიგი და ისეთი დემოკრატია შექმნან, ორმაგი სტანდარტის სახე რომ არ ექნება და მერე მიუთოთონ სხვებს დემოკრატიაზე.

თანაც, ნახეთ, როგორი მეთოდი აქვთ მოფიქრებული: როდესაც ადამიანს რამეში ადანაშაულებენ, მას უფლება აქვს ადვოკატი აიყვანოს და თავი დაიცვას. ამ შემთხვევაში კი ისე გვსჯიან, რომ თავის მართლების უფლება და საშუალებაც არ გვაქვს. მეტსაც გეტყვით – ასანქცირებენ ადამიანებს, რომლებსაც საზღვარგარეთ არ უშვებენ და, როდესაც ეკითხები, ვინ არიან ეს ადამიანები, პასუხობენ: „არ გეტყვით“.

ეს ძალიან ცუდი პროცესია, მაგრამ ავიწყდებათ საქართველოს ისტორია და ის, რომ ქართველი კაცი ძალიან მომთმენია. ქართველებმა პრინციპის გამო მეტეხის ხიდზე ხატს ფეხი არ დააბიჯეს და ათასობით მოწამემ თავი გაწირა. თუმცა რაღა შორს მივდივართ — აგერ გიორგი ანწუხელიძე რატომ მოკლეს? იმიტომ, რომ ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა და არ შეურაცხყო. მათ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ლეგენდებია, მაგრამ ეს სინამდვილეა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.