შალვა ოგბაიძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: „თუ სხვა ქვეყნები იღებენ ასეთ კანონებს, ეს ჩვეულებრივად ითვლება, ხოლო როცა ჩვენ ვიღებთ — ეს უკვე დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვად ფასდება. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი?“

13

„თუ სხვა ქვეყნები იღებენ ასეთ კანონებს, ეს ჩვეულებრივად ითვლება, ხოლო როცა ჩვენ ვიღებთ — ეს უკვე დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვად ფასდება. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი?“ – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველო არის ერთგვარი მიმზიდველი ანდამატი, რომელიც ბევრს იზიდავს — არა მხოლოდ თავისი გეოგრაფიული, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო. საქართველოზე გავლენის მოპოვება ნიშნავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სივრცეზე კონტროლის მიღებას — ერთგვარი საკვანძო სივრცის ხელში ჩაგდებას, თუ რუკას შევხედავთ.

საქართველოს ისტორია კი ბრძოლების ისტორიაა — ეს არის ქართველი ერის თავდაცვითი ბრძოლები საქართველოზე ბატონობისა და გავლენის მოპოვების მცდელობების წინააღმდეგ. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თავდამსხმელები.

რატომ იყო, რომ საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხვდებოდა? რატომ იყო, რომ როცა ქართველ კაცს მომხვდური შემოესეოდა, პირველ რიგში ვაზს ჩეხავდა და მიწასთან კავშირს არღვევდა?

საქმე ის არის, რომ როდესაც ქართველ კაცს ქართულად საუბარს აუკრძალავ, პირჯვრის მართლმადიდებლურად გადაწერას აუკრძალავ და ვაზთან და მიწასთან ბუნებრივ ურთიერთობას წაართმევ, მისი იდენტობა იკარგება. სწორედ ეს არის მთავარი არსი.

მაგალითად ავიღოთ კარგად ცნობილი, ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომელთა გამოც დიდი ხმაური ატყდა და მწვავე რეაქციები მოჰყვა ევრობიუროკრატების მხრიდან. თუმცა პარალელურად ვხედავთ, რომ სწორედ ამ კანონების მსგავსი რეგულაციები შემდეგ თავად ევროპულმა ქვეყნებმა შემოიღეს. ანუ თუ ისინი იღებენ ასეთ კანონებს, ეს ჩვეულებრივად ითვლება, ხოლო როცა ჩვენ ვიღებთ — ეს უკვე დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვად ფასდება. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი?“ – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.