„ვფიქრობ, ეს არის ფსევდოლიბერალური „ძილიდან გამოღვიძების“ პროცესის დასაწყისი, რაც, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო“ – ასე შეაფასა პეტრე მამრაძემ ლიეტუვაში ლგბტ თემასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური დებატები, რომლებიც ერთსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების აღიარებისა და ოჯახის განმარტების საკითხებს უკავშირდება.
„მრავალი წლის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა დასავლეთის წარმომადგენლებთან – მეცნიერებთან, დიპლომატებთან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. კონფიდენციურ, პირად საუბრებში თითქმის არავინ იწონებდა იმას, რაც დასავლეთში მოხდა. კერძოდ, მოხდა სრულიად ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საკრალიზაცია, რასაც „ლიბერალური ფაშიზმიც“ კი ეწოდა.
ამ დროს ჩრდილში მოექცა კლასიკური ლიბერალიზმის ის დიდებული იდეა, რომელიც თავისუფლებას, ტოლერანტობასა და უმცირესობების უფლებების დაცვას ეფუძნება — და რაც კაცობრიობის მართლაც ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. დღეს კი ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, როდესაც უმცირესობას ეძლევა შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს და, გარკვეულწილად, მართოს უმრავლესობის განწყობები.
უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ იოანე პავლე მეორის შემდეგ რომის პაპი გახდა წარმოშობით გერმანელი ბენედიქტე XVI — უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა პაპის ტახტი. ეს თითქმის 600 წლის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. მოგვიანებით მან დაწერა ბრწყინვალე სტატიები, სადაც აღნიშნავდა, რომ ევროპამ შეიძულა ყველაფერი ის კარგი და დადებითი, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა. ის წერდა, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა სწორი და აუცილებელია, მაგრამ მიუღებელია, როდესაც ამ უმცირესობების ცხოვრების წესი ყველასთვის სავალდებულო ნორმად ცხადდება. ევროპამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უნდა გააცნობიეროს და საკუთარ თავს დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდესო – წერდა ბენედიქტე XVI თავის სტატიებში.
ასევე შეგახსენებთ, დაახლოებით 20 წლის წინ როკო ბუტილიონე, ცნობილი მეცნიერი და კათოლიკე, იტალიის მხრიდან ევროკომისრის პოზიციაზე იყო წარდგენილი. ევროპარლამენტში მოსმენის დროს მას ჰკითხეს: ეწინააღმდეგებოდა თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას. ბუტილიონემ უპასუხა, რომ, როგორც მორწმუნე კათოლიკესთვის, ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ამის შემდეგ მისი კანდიდატურა მაშინვე ჩავარდა და მთელი ევროკომისიის დაკომპლექტება ხელახლა გახდა საჭირო.
ამ შემთხვევის შემდეგ კანდიდატები უკვე სპეციალურ ვეტინგს გადიან — თავიდანვე უსვამენ მსგავს კითხვებს და პასუხების მიხედვით წყვეტენ, გაივლიან თუ არა შემდეგ ეტაპს. ხომ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


