მაკა ბოჭორიშვილი: „თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და, ამავე დროს, იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და, ამავე დროს, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და, ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება”

6

“თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და, ამავე დროს, იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და, ამავე დროს, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და, ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

“რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მარტივად მიწებება — ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. პრინციპების დაცვასა და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის — ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის ასობით ათას მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს.

ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება.

დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.