ლადო ბოჟაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: „მათ სჭირდებათ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მედიები, რომლებიც რეალურად გააშუქებენ იმ „სიმართლეს“, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის და რასაც გარედან უკარნახებენ“

8

„მათ სჭირდებათ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მედიები, რომლებიც რეალურად გააშუქებენ იმ „სიმართლეს“, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის და რასაც გარედან უკარნახებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

„ღიად უნდა ითქვას, რომ ევრობიუროკრატია უკვე, ფაქტობრივად, მეოთხე წელია აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ხელისუფლებისა და, ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული კონკრეტული მოთხოვნები არ შევასრულეთ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოუტანდა.

აქედან გამომდინარე, ევრობიუროკრატია ახლა უკვე სხვა ფორმით ჩაერთო აქტიურად პროცესებში. გავიხსენოთ 2024 წლის საარჩევნო კამპანია, 2025 წლის 4 ოქტომბრის პერიპეტიები. თქვენ იცით, რომ დღემდე ევროკავშირში არც ერთ მაღალჩინოსანს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობა, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მისი გადაწვის მცდელობა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ამ გზით რადიკალური ოპოზიციის წახალისებას ცდილობენ.

რაც შეეხება კონკრეტული მედიასაშუალებების სანქცირებას, თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთმა მიიღო, რაც უკვე აისახა ევროკავშირის დამოკიდებულებაზეც და ახლა ცდილობენ, მათთვის მიუღებელი მედია, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მედია, საერთოდ აღარ იყოს წარმოდგენილი ევროპარლამენტში, რათა არ გაჟღერდეს ის კითხვები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ იმ ევროპარლამენტარების მიმართ, რომლებიც მუდმივად გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული სუბიექტური განცხადებებით და სხვადასხვა რეზოლუციისა თუ ანგარიშის ავტორები არიან.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნებისმიერი მედია, რომელიც მათ მიერ კონტროლირებადი არ არის და მათთვის მისაღებ ჩარჩოებში არ ჯდება, მათთვის მიუღებელია. ამიტომ სანქცირებიდან უკვე აკრედიტაციის შეწყვეტაზეც გადავიდნენ.

ჩვენ გვაკრიტიკებდნენ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების მიღების გამო და ამას სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად აფასებდნენ. ამ დროს კი გაირკვა, რომ ევროპარლამენტში გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. უფრო მეტიც, კონკრეტული წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ ჟურნალისტს, რომელმაც დაარღვია წესი, არამედ მთლიან ტელეკომპანიას.

იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვასთან დაკავშირებითაც. თქვენ იცით, რამდენად მასშტაბური ფორუმი იმართება დღეს მოლდოვის დედაქალაქში. იქ იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც არაერთი მაღალი დონის – როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი – შეხვედრა აქვს. მან პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა აღმოჩნდა, რომ გარკვეული ტელევიზიები არ უნდა დაუშვან, რათა ეს მოვლენა არ გაშუქდეს.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მათ სჭირდებათ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მედიები, რომლებიც მხოლოდ იმ „სიმართლეს“ გააშუქებენ, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედის და რასაც გარედან უკარნახებენ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.