თუ „პოსტივი“, „იმედი“ და „რუსთავი 2“ დეზინფორმაციას ავრცელებენ ან სხვა ქვეყნის ნარატივს მიჰყვებიან, მაშინ როგორ აქვთ მათ ამხელა რეიტინგი? პასუხი მარტივია — იმიტომ, რომ სწორედ ეს ტელევიზიები საუბრობენ სიმართლეს, რისი მოსმენაც სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლადო ბოჟაძემ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
„რეალურად, თუ წარმოვიდგენთ, ახლა რა ეტაპზეა ევრობიუროკრატია და საით მიჰყავს ზოგადად ევროკავშირი, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საბჭოთა კავშირთან, მათ შორის მედიასთან მიმართებითაც.
იმ დროს ამბობდნენ, რომ უცხოური მედია საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს არ უნდა მოესმინათ, რათა დეზინფორმაცია არ გავრცელებულიყო. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირს არა დეზინფორმაციის, არამედ სიმართლის მოსმენის პრობლემა ჰქონდა და სწორედ სიმართლე არ უნდა გაეგოთ საბჭოთა მოქალაქეებს. ახლაც მსგავსი ვითარებაა ევროკავშირთან მიმართებით – ნებისმიერი მედია, რომელიც მათ მეინსტრიმს არ მიჰყვება, მათთვის მიუღებელია.
თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომელ არხებზე შეუძლია მოისმინოს სიმართლე, ან რომელ არხებზე გადაამოწმოს ინფორმაცია. ასევე კარგად იცის, რა რეიტინგი აქვთ ამ ტელევიზიებს – „პოსტივის“, „იმედს“, „რუსთავი 2“-ს. თუ ეს არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ ან სხვა ქვეყნის ნარატივს მიჰყვებიან, მაშინ როგორ აქვთ მათ ამხელა რეიტინგი? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ სწორედ ეს ტელევიზიები საუბრობენ სიმართლეს, რისი მოსმენაც სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს.
რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას — რატომ არავინ ახსენებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რამდენი ტელევიზია გაუქმდა, რამდენი პოლიტიკური პარტია აიკრძალა, რამდენი ჟურნალისტი მიეცა პასუხისგებაში და ასე შემდეგ? უკრაინაში ეს შეიძლება ომს დააბრალონ, მაგრამ რა ხდება მოლდოვაში? რატომ დაიხურა ამდენი ტელევიზია, რატომ დაიხურა გაზეთები, რატომ არის ცენზურა და ასე შემდეგ? და ამ ფონზე დამისახელეთ ერთი ფაქტი საქართველოში — ერთი დახურული ტელევიზია ან გაზეთი, რომელიც ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ან ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა. აი ამ ყველაფრის ფონზე ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ მხრივ ჩვენზე წინ არიან. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და რეალობის დამახინჯება?“ – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


