ლადო ბოჟაძე: „მინდა ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ და გავახსენო როგორც ევროპარლამენტს, ისე საქართველოს მოქალაქეებს, რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, როდესაც ყველა ტელევიზიაში ერთი და იგივე სიუჟეტები გადიოდა, ერთი და იგივე კითხვები ისმებოდა და მკაცრი ცენზურა მოქმედებდა“

8

„მინდა ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო თქვენი ტელევიზიების მიმართ და გავახსენო როგორც ევროპარლამენტს, ისე საქართველოს მოქალაქეებს, რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, როდესაც ყველა ტელევიზიაში ერთი და იგივე სიუჟეტები გადიოდა, ერთი და იგივე კითხვები ისმებოდა და მკაცრი ცენზურა მოქმედებდა“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

„მაშინ თუ მოუსმენია ვინმეს კრიტიკა იმის შესახებ, რომ მხოლოდ ორი ტელევიზია — „კავკასია“ და „მაესტრო“ — მაუწყებლობდა და ისიც შეზღუდული მასშტაბით. ან როგორ ხდებოდა, რომ ყველა ტელევიზიაში ერთი და იგივე სიუჟეტები გადიოდა, ერთი და იგივე კითხვები ისმებოდა და როგორ გადიოდა ცენზურა და ასე შემდეგ?

მაშინ თუ მოუსმენია ვინმეს ევროპარლამენტარების მხრიდან ამაზე კრიტიკა? — არა, რა თქმა უნდა, რადგან მათთვის მისაღები იყო იმდროინდელი ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ ასრულებდა გარედან მიღებულ დავალებებს.

აღარ ვისაუბრებ იმაზე, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, რა დამართეს ტელეკომპანია „იმედს“ და ასე შემდეგ.

წარმოგიდგენიათ, ოცდამეერთე საუკუნეში ანტენების დაყადაღებით ცდილობდნენ, რომ საზოგადოებამდე სიმართლე არ მისულიყო. მაშინ ხმა არ ამოუღიათ და ახლა ალაპარაკდნენ, განსაკუთრებით უკრაინისა და მოლდოვის ფონზე, რომლებმაც ყველა მათთვის არასასურველი მედია უბრალოდ დახურეს.

და ბოლოს, წარმოგიდგენიათ, მოლდოვის მსგავსად რომელიმე სახელმწიფომ განაცხადოს, რომ ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ მზად არის უარი თქვას საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე და სხვა სახელმწიფოს მიუერთდეს? ამ ფონზე, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება თავად ასეთ არჩევანზე მიდის, რა მორალური საფუძველი რჩება, რომ საქართველოზე ისაუბროს ან საქართველოს რაიმე ტიპის შეფასება მისცეს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.