გიორგი სოსიაშვილი: „ქართული დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ნაცისტური რეჟიმის მძიმე ისტორიულ გამოცდილებას მახსენებს — მისი იდეოლოგის ნაშრომში აღწერილ ფრაზას, რომ დადგებოდა დრო, როდესაც „300-გრამიანი ჭურვებით ჩაახშობდა თავისუფალ გაზეთებს“

10

„ქართული დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ნაცისტური რეჟიმის მძიმე ისტორიულ გამოცდილებას მახსენებს — მისი იდეოლოგის ნაშრომში აღწერილ ფრაზას, რომ დადგებოდა დრო, როდესაც „300-გრამიანი ჭურვებით ჩაახშობდა თავისუფალ გაზეთებს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული მედიების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

„ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა მოლდოვაში მართლაც ღირსეული იყო – ისეთი, როგორიც ეკადრება დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ვფიქრობ, მან საკუთარ გამოსვლაში ქართველი ხალხის სათქმელი თქვა.

ჩვენი დაბულინგება და შევიწროება მხოლოდ ამ შეხვედრაზე არ დაწყებულა – საუბარია ქართული ტელევიზიების დასანქცირებასა და აკრედიტაციის შეზღუდვაზე – გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესიც, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ჩამორჩენილ და ეკონომიკურად გაჩანაგებულ დსთ-ის წევრ ქვეყანას, ხოლო საქართველო უსამართლოდ დაჩაგრეს. ამ დროს ბრიუსელში მოკალათებულ ბიუროკრატებს სამართლიანობაზე, მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე ჰქონდათ პრეტენზია.

სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და დაიწყო იმიტომ, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდით ის ხელისუფლება, რომელიც მათ უსიტყვოდ დაემორჩილებოდა, ბრმად შეასრულებდა ყველა მითითებასა და ბრძანებას, რომელიც ბრიუსელიდან წამოვიდოდა, და ამით ქვეყანას დიდ უბედურებაში გახვევდა.

მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად ყველაფერზე ხელი რომ მოგვეწერა და მათ მიერ დაგეგმილ სცენარს ავყოლოდით, ქვეყანა შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. არავინ იცის, ასეთ შემთხვევაში საერთოდ იარსებებდა თუ არა საქართველო, მაგრამ სამაგიეროდ ევრობიუროკრატები დაგვიკრავდნენ ტაშს და არც ქართულ ტელევიზიებს შეეხებოდნენ.

ძალიან მიმძიმს ამ პარალელის გავლება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა: ნაცისტურ გერმანიაში, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა ნაცისტური რეჟიმი, მისმა იდეოლოგმა საკუთარ საპროგრამო ნაშრომში დაწერა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც „300-გრამიანი ჭურვებით ჩაახშობდა თავისუფალ გაზეთებს“. ანუ, თავიდანვე ჰყავდა მიზანში ამოღებული თავისუფალი მედია. სწორედ ამ მძიმე ისტორიულ გამოცდილებას მახსენებს ქართული დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები — სანქციები და აკრედიტაციის შეზღუდვა.

როგორ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე, მაღალ იდეალებზე, ხალხებს ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ მოუწოდებენ, ამავე დროს თავისუფალ მედიას სანქციებითა და შეზღუდვებით უპირისპირდებოდნენ? თუნდაც რომელიმე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელი იყოს ვინმესთვის, როგორ შეიძლება თავისუფალ აზრსა და სიტყვას ასე ებრძოდე?

ნუთუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში აღარ დარჩნენ ადამიანები, ვისთვისაც თავისუფალი სიტყვა, პლურალიზმი და სამართლიანობა კვლავ ფასეულია?

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ მოლდოვამ ქართულ ტელევიზიებს საქმიანობა საკუთარი ნებით შეუზღუდა? ეს ზემოდან წამოსული დავალებაა — პროცესი, რომელიც ერთიანი დირექტივით იმართება, და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს ყველაფერი მართლაც აბსურდის თეატრს ჰგავს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს აბსურდი ადრე თუ გვიან დასრულდება და საბოლოოდ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.