„ქართველობა უნდა იყოს ღირსეულად და სოლიდურად წარმოდგენილი ქვეყანაში, რათა არასდროს დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც საკუთარ მიწა-წყალზე ქართველი ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდება“ – დავით მათიკაშვილი პატრიარქის ქადაგებაზე

9

„ქართველობა უნდა იყოს ღირსეულად და სოლიდურად წარმოდგენილი ქვეყანაში, რათა არასდროს დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც საკუთარ მიწა-წყალზე ქართველი ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა აბორტთან დაკავშირებით პატრიარქის ქადაგებაზე საუბრისას განაცხადა.

„პატრიარქი შიო მესამე არის იმ მნიშვნელოვანი და მძიმე ჯვრის მატარებელი, რომელიც პატრიარქმა დატოვა. ეს ჯვარი ქვეყნის მორალური ზღუდეა — ზღუდე, რომლის გადალახვისა და დაკნინების შემთხვევაში, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, ადვილად მიაღწევენ იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც წლების განმავლობაში სურთ და ვერ ახერხებენ.

და რა არის ეს მორალური ზღუდე? ეს არის ის მორალური სიწმინდეები, რომლებიც ქართველ ხალხს უკვე 1700 წელია გააჩნია. ეს მორალური სიწმინდეები და ზღუდე წარმოადგენს იმ სულიერ დამცავ სისტემას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა. ხშირად ჩნდება კითხვა — როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე — სწორედ ამ სულიერმა ზღუდემ შეგვინარჩუნა და გადაგვარჩინა.

როდესაც ილია II ან პატრიარქი შიო საუბრობენ დემოგრაფიულ პრობლემებზე, ისინი, როგორც ქვეყნის სულიერი მამები, ამ საკითხს ეკლესიის ხედვიდან აფასებენ. მათი პოზიცია ამ თემაზე სრულიად გასაგებია.

დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო გამოწვევის წინაშე, რადგან არსებული დემოგრაფიული ტენდენციების გაგრძელება შეუძლებელია. საჭიროა მეტი ზრუნვა როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მხრიდან.

სწორედ ამიტომ ისაუბრა პატრიარქმა — რათა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, საკუთარ ოჯახს შეხედოს და გააცნობიეროს, რომ ქართველობა ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, მომავალ თაობასაც უნდა გადავცეთ ღირსეულად.

ქართველობა უნდა იყოს ღირსეულად და სოლიდურად წარმოდგენილი ქვეყანაში, რათა არასდროს დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც საკუთარ მიწა-წყალზე ქართველი ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.