ვატო შაქარიშვილი: „წლევანდელი 17 მაისის საოცარი შეკრების გვირგვინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, შიო III-ის ქადაგება იყო. სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა, როდესაც სამების ტაძრის კიბეებზე, ათობით ათას ადამიანთან ერთად, უწმინდესის სიტყვას ვუსმენდი“

2

„წლევანდელი 17 მაისის საოცარი შეკრების გვირგვინი სრულიად საქართველოს- კათოლიკოს პატრიარქის, შიო III-ის ქადაგება იყო. სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა, როდესაც სამების ტაძრის კიბეებზე, ათობით ათას ადამიანთან ერთად, უწმინდესის სიტყვას ვუსმენდი“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

„ამავე დროს, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე – ქართულ, ქრისტიანულ სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან ერის სულიერ მამად ახლად გამორჩეული პატრიარქის ქადაგება, მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლებისა და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენებისა და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს.

პატრიარქის ქადაგებამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გასაგონად, მკაფიოდ გამოხატა ერისა და ბერის საერთო სათქმელი – რომ არ იქნება უკან დახევა, სადაც საქმე ეხება ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, უდიდესი ისტორიის, მდიდარი კულტურის მქონე ერის გადარჩენას და მის მომავალს – ერის, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი იმპერიის შემოსევა, ბატონობა და ნგრევა გამოიარა, თუმცა საკუთარი იდენტობა, ენა და სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანა.

სწორად შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი; აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებენ, თითქოს, პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ასე, სიცრუითა და სიბინძურით ესხმიან თავს.

გადახედეთ, თუ ვინ წერს, ვინ ლაპარაკობს, ვინ აქტიურობს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რამდენად ზუსტი, დროული და საჭირო იყო ის, რაც უწმინდესმა ბრძანა ჩვენთვის ამ საკრალური მნიშვნელობის დღის შემაჯამებლად.

ისინი ბრძოლასა და მტრობას არ შეწყვეტენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც 17 მაისის ამ დიდი ფიზიკური და სულიერი ერთობის ნაწილია, ზუსტად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ვერაფერს გახდებიან!“ – წერს შაქარიშვილი.