დავით ქართველიშვილი: „საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება, დასვას არასასიამოვნო კითხვები”

5

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართ ირაკლი კობახიძის ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ის, რაც ირაკლი კობახიძემ ევროპელი ლიდერების მისამართით ღია წერილით გააკეთა, უკვე აღარ არის, უბრალოდ, დიპლომატიური მიმოწერა. ეს არის ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების საჯარო პოლიტიკური გაშიშვლება. თანაც, გაკეთებული ყველაზე მოუხერხებელ მომენტში ბრიუსელისთვის: მაშინ, როდესაც ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში საქართველოსთვის მორალის უზენაესი ტრიბუნალის როლს თამაშობდა, ახლა კი მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თავად „დემოკრატიის ედემში“ საპროტესტო აქციებს ისეთი მეთოდებით შლიან, რომ ქართულ ოპოზიციურ ტელექრონიკასაც კი შეშურდებოდა ამ დრამატურგიის. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო: როცა არათუ მსგავსი რამ, არამედ ოდნავ მიახლოებული ზომებიც კი თბილისში ხდება, ეს არის „რეჟიმი“, „ავტორიტარიზმი“, „თავისუფლების ჩახშობა“, ხოლო როცა იგივე კოპენჰაგენში ხდება, ეს უკვე „ევროპული სტანდარტებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა“.

აგრესიული და ადამიანებზე დაგეშილი ძაღლებიც დანიის დედაქალაქში, როგორც ჩანს, ევროკავშირის განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობენ და ამიტომ კრიტიკისგან დაცულნი არიან.

ბრიუსელის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველომ უარი თქვა თავის მართლების პოზაში მყოფი მარადიული მოსწავლის როლზე. კობახიძის წერილი დანიას კი არ ურტყამს, ის ურტყამს თავად ევროპული თვალთმაქცობის კონსტრუქციას – იმიტომ, რომ ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპას ერთ მარტივ ზღაპარს ყიდდა: თითქოს არსებობს ერთიანი ღირებულებები, ერთიანი სტანდარტები და ერთიანი მორალური საზომი. მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს საზომი რეზინისაა. პარიზისთვის, კოპენჰაგენისთვის და ბრიუსელისთვის „რთული სიტუაცია, რომელიც გაგებას საჭიროებს“, ხოლო თბილისისთვის კი, ისტერიული რეზოლუციები, მუქარები, სანქციების სიები და ყოველდღიური ლექციები დემოკრატიაზე. და რაც უფრო ხმამაღლა საუბრობენ ევროპელი ჩინოვნიკები „სამართლის უზენაესობაზე“, მით უფრო მკაფიო ხდება რეალობა: ევროპაში სამართალი დიდი ხანია, პრინციპი აღარ არის, – ის პოლიტიკური სელექციის ინსტრუმენტად იქცა.

ამ სიტუაციის განსაკუთრებული ცინიზმი კი იმაშია, რომ მთელი ეს ბრიუსელური ელიტა საქართველოსთან დღემდე მე-20 საუკუნის კოლონიური ზედამხედველის ენით საუბრობს: „თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ ჩვენს ღირებულებებს“. მაგრამ როგორც კი თბილისმა იგივე პრეტენზიების სარკისებურად დაბრუნება დაიწყო ევროპის მისამართით, მთელ ევრობიუროკრატიას ნერვული ტიკი დაემართა. იმიტომ, რომ ისინი მიჩვეულნი იყვნენ შეფასებების ექსპორტს, მაგრამ სრულიად მიუჩვევლები არიან, თავად გახდნენ შეფასების ობიექტი. სწორედ ამიტომ იწვევს მსგავსი წერილები მათ ასეთ გაღიზიანებას. არა დანიის, ძაღლების თუ საპროტესტო აქციების გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება, დასვას არასასიამოვნო კითხვები“, – წერს დავით ქართველიშვილი.