„იმედისა“ და „პოსტივის“ გადაცემები, რომლებიც ფაქტებზეა დაფუძნებული და ხშირად თავად ბრიტანული და ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციებს ეყრდნობა, თურმე რუსეთის დახმარება ყოფილა, ხოლო ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის გადახდილი მილიონები და მილიარდები დახმარება არ არის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებაში წლების განმავლობაში ევროკავშირი, ევროპა და დიდი ბრიტანეთი — რომელიც ერთ დროს თავად იყო ევროკავშირის წევრი — აღიქმებოდა თითქმის ხელშეუხებელ ძალად და მათი კრიტიკა, მათზე აუგის თქმა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იდეალიზებული წარმოდგენები სიყალბე, ტყუილი და სრული ბლეფი იყო და რომ მათი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ სხვადასხვა ქვეყნები გეოპოლიტიკურ თამაშებში უბრალოდ ინსტრუმენტებად გამოიყენონ.
მაგალითად, გავიხსენოთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა: „ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ვზარალდებით და თქვენ რატომ არ ზარალდებითო?“ ამ განცხადების მთავარი აზრი მარტივად იკითხება — მათ სურთ, საქართველო გამოიყენონ რუსეთის დასაზიანებლად. ამ სიტყვებს სხვა კონტექსტი არ აქვს.
რაც შეეხება იმას, რაც ახლა დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა რუსეთის მიმართ, ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი მარტივ დასკვნას გამოიტანს: თუ დიდი ბრიტანეთი მილიარდობით აფინანსებს რუსეთს, მისგან ყიდულობს ნავთობპროდუქტებს და საკუთარ ქვეყანაში შეაქვს, რადგან ეს მის ეკონომიკურ ინტერესებში შედის, მაშინ ეს თანხები პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტში ხვდება და საბოლოოდ უკრაინაში ომის დაფინანსებასაც ხმარდება. ამავე დროს, სწორედ ეს ქვეყანა გვაკრიტიკებს ჩვენ და აცხადებს, რომ ქართული დამოუკიდებელი ტელევიზიების — „იმედისა“ და „პოსტივის“ — საქმიანობა მიუღებელია და თითქოს ჩვენ ვეხმარებით რუსეთს.
ანუ გამოდის, რომ „იმედისა“ და „პოსტივის“ გადაცემები, რომელიც ფაქტებზეა დაფუძნებული და ხშირად თავად ბრიტანული და ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციებს ეყრდნობა, რუსეთის დახმარება ყოფილა, ხოლო მათ მიერ რუსეთისთვის გადახდილი მილიონები და მილიარდები, დახმარებად არ მიიჩნევა.
ამიტომ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა — მართლა ასეთი რთული მისახვედრია, რომ ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს?“ – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.


