„საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი ყოველთვის არის ქვეყნის ინტერესები, რომლებიც გარე კეთილგანწყობებზე არ არის დამოკიდებული“ – ზაზა მარიდაშვილი

45

„საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი ყოველთვის არის ქვეყნის ინტერესები, რომლებიც გარე კეთილგანწყობებზე არ არის დამოკიდებული“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.

„საერთაშორისო კვლევების მიხედვით საქართველო სხვადასხვა რეიტინგში რა პოზიციებზეც იმყოფება, ქართველი ხალხის გონივრული და რაციონალური გადაწყვეტილებების შედეგია — ეს ქართული გენისა და სიბრძნის დამსახურებაცაა და ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგიც.

რაც შეეხება გარკვეული გარე აქტორების განცხადებებსა და ქმედებებს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უკვე აღარც მალავენ და ღიად გამოხატავენ საკუთარ უკმაყოფილებას ამაზე.

როგორ ფიქრობთ, ევრობიუროკრატების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რა უნდა გავაკეთოთ? ისინი გამუდმებით გვიმეორებენ, რომ თითქოს „გზას ავცდით“ და რომ აუცილებელია გარკვეული კანონების მიღება. ვხედავთ, რა პროცესებიც განვითარდა პოლონეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ საბერძნეთზე, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. როგორი შეტევა ჰქონდათ პოლონეთზე, როგორ აიძულებდნენ ამ კანონის მიღებას და ამ დროს აცხადებენ, თითქოს არავის არაფერს არ აძალებენ.

პოლონეთი ქრისტიანული და ძლიერ ტრადიციული ქვეყანაა, ამიტომ რომ ვერაფერი მოუხერხეს, გერმანიაში დააქორწინეს ერთსქესიანი წყვილი, პოლონეთის ხელისუფლებას კი, სასამართლო მექანიზმების გზით, ამის აღიარება დაავალეს.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რასაც გარდაუვლად მოჰყვება ერთსქესიანთა ქორწინების სრული ლეგალიზაცია, რაც არის კიდეც მათი მიზნები და ამოცანები.

მათი კიდევ ერთი მიზანი რუსეთთან დაკავშირებით პატარა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებაა — მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის. მათი მიზანია ამ ომში ჩაგვითრიონ, ხალხი ამოწყვიტონ და ამის სანაცვლოდ ბრიუსელში რომელიმე შენობას გაანათებენ ჩვენი დროშის ფერებში. ეს იქნება მათი აღიარება. აი ამისთვის გვებრძვიან და ამისგან ვიცავთ ჩვენ თავს. ჩვენ არ გვჭირდება მათი განწყობა, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი ყოველთვის არის ქვეყნის ინტერესები, რომლებიც გარე კეთილგანწყობებზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.