„თუკი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა დავთმოთ სუვერენიტეტი, ტერიტორიები, სიცოცხლე, დამოუკიდებლობა და ყველა ის ღირებულება, რამაც აქამდე მოგვიყვანა, მაშინ რაღაში გვჭირდება ამ ყველაფრის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება?“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა განაცხადა.
„გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველო ჩამორჩა იმ გზაზე უკრაინასა და მოლდოვას, რომელსაც ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჰქვია. ანუ, რა იგულისხმება და რომელ გზაზეა საუბარი, უფრო გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ ერთი კვირის წინ ამავე ქვეყნის, გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განიხილოს. ანუ გამოდის, რომ უკვე არსებობს მოლოდინი და გარკვეული მცდელობა, უკრაინა შეაგუონ იმ აზრს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შესაძლოა ტერიტორიების დათმობა გახდეს საჭირო.
ასევე რთული და არაერთგვაროვანი ვითარებაა მოლდოვასთან დაკავშირებითაც, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზეც კი მიმდინარეობს მსჯელობა. ცხადია, პრეზიდენტ სანდუს განცხადება, რომელმაც ამასთან დაკავშირებით გააკეთა, მხოლოდ მისი პირადი პოზიცია არ არის.
ანუ ევროკავშირში გაწევრიანების გზად იკვეთება ორი ძირითადი მოთხოვნა: ერთი — მინიმუმ სუვერენიტეტის დათმობა და, მეორე – ტერიტორიების დათმობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ომში ჩართვაზე და ადამიანურ დანაკარგებზე.
ამ ყველაფერს რომ ჩვეულებრივი ადამიანი უყურებს, ბუნებრივად უჩნდება კითხვა — თუკი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა დავთმოთ სუვერენიტეტი, ტერიტორიები, სიცოცხლე, დამოუკიდებლობა და ყველა ის ღირებულება, რამაც აქამდე მოგვიყვანა, მაშინ რაღაში გვჭირდება ამ ყველაფრის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება?“ – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.


