„რადიკალური ოპოზიცია კოპენჰაგენში მომხდარს ასე ამართლებს — „რა უფლება გაქვთ დანია აკრიტიკოთ, როცა იქ ხელფასები და პენსიები მაღალიაო“. ანუ რა გამოდის — თუ ქვეყანაში ხელფასები და პენსიები მაღალია, ხელისუფლებას უფლება აქვს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სცემოს, დაალურჯოს, ძაღლები მიუქსიოს? 15–20 ადამიანის ადგილიდან გაყვანას რად უნდოდა „დუბინკებით“ ცემა ან ძაღლების მიქსევა – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ხდება მხოლოდ დანიაში — მსგავსი შემთხვევები ხშირად გვინახავს გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, შეერთებულ შტატებშიც და ევროპის არაერთ ქვეყანაში. იმ ქვეყნებში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება თურმე დემოკრატიის ნაწილი ყოფილა, და ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ომი გამართეს და მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს მშვიდობიან მომიტინგეებს უწოდებდნენ.
იმის უნარიც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე ფორმით „თავბრუ დაახვიონ“ საკუთარ ამომრჩეველს და, მაგალითად, თქვან, რომ დანიაში მომხდარი შემთხვევაც პრობლემაა, მაგრამ ასევე პრობლემაა ჩვენი ხელისუფლების ქმედებაცო. ამის თქმის არც უნარი აქვთ და, რაც მთავარია, ვერც გაბედავენ, რადგან თუ გაბედავენ და იტყვიან, რომ დანიაში ძალადობაა და პოლიცია ხალხს სასტიკად არბევს, ეს მათ „პატრონებს“ არ მოეწონებათ და დაფინანსებას შეუწყვეტენ“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.


