„არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ან მათი მხარდამჭერებიდან, არ დაგეგმავდა 26 მაისს აქციას, რომ არა მათი მთავარი მიზანი უნდათ ხალხი შემოიტყუონ და როგორმე პროვოკაცია მოაწყონ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„დიდი ხანია ვაკვირდებით მათ ქმედებებს, ლამის მათი გენეალოგიაც კი შევისწავლეთ — სულ ერთი და იგივე კატეგორიის ხალხი ტრიალებს. სირცხვილიცაა უკვე, რომ ამ ბრძენ ქართველ საზოგადოებას პოლიტიკური ოპოზიცია — ასეთი დეგრადირებული ჯგუფი ჰყავდეს. რანაირად შეიძლება, მაგალითად, გიგა ბოკერია იყოს საქართველოს მომავალი ან დანარჩენები? დროს აღარ დავკარგავ მათი ჩამოთვლით.
გასაგებია, რომ მათ უნდათ პოლიტიკურ ველზე შესვლა — ეს თავადაც გამოაცხადეს. თუ გახსოვთ, ერთ-ერთმა მათმა ე.წ. ლიდერმა თქვა, საზოგადოებაში რაღაცნაირად უნდა გამოვჩნდეთო. შეიძლება ფიქრობენ ერთს, მაგრამ რა დავალებასაც მიიღებენ, იმას აკეთებენ.
თუ საზოგადოებაში გამოჩენა გინდა, მშვენიერი ველია, მაგალითად, ოჯახის სიწმინდის დღეს გამოხვიდე და გამოჩნდე, ან 26 მაისს აქციები კი არ ატარო — ხალხს შეუერთდე. ასევე საუკეთესო ველი იყო პატრიარქის აღსაყდრების დღე. როგორ შეიძლება პოლიტიკოსისთვის ეს არ იყოს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ დააფიქსირო შენი პოზიცია და საზოგადოებაში გამოჩნდე?
ვინმე ხომ არ სთხოვდა მათ, ხელები დაეკოცნა ვინმესთვის ან დაჩოქილებს ევლოთ — უბრალოდ მისულიყვნენ და თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ იქ ყოფნით, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რასაც მილიონნახევარი ადამიანი ასეთი იმედითა და სიხარულით შესცქეროდა.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქ პროვოკაციას ვერ მოაწყობდნენ, ვერც ოჯახის სიწმინდის დღეს მოაწყობდნენ პროვოკაციას — აი 26 მაისს კი აუცილებლად. არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ან მათი მხარდამჭერებიდან, არ დაგეგმავდა 26 მაისს რაიმე შეკრებას, თუ არა მათი მთავარი მიზანი — უნდათ ხალხი შემოიტყუონ და როგორმე პროვოკაცია მოაწყონ.
რატომ? — იმიტომ, რომ ეს დღესასწაულები უნდათ თავად ჩაიგდონ ხელში. ამის მაგალითი 9 აპრილსაც ვნახეთ და, რაც მთავარია, მათ შავ ლაქად გასდევთ 15 წლის წინანდელი 26 მაისი, როცა უბედურება დაატრიალეს რუსთაველის გამზირზე, ხალხი დაარბიეს და დახოცეს.
როცა შენ იგივე თარიღს — 26 მაისს — კვლავ აქციისთვის იყენებ, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების მეხსიერებაში 26 მაისის ტრაგედიას ხელახლა აღვიძებ. ზუსტად ეს არის მათი მიზანიც და სურვილიც, რომ იქ რაიმე დაპირისპირება მოხდეს და პოლიციამ ძალა გამოიყენოს. ისინი ფიქრობენ, რომ ამით გააბათილებენ იმ 26 მაისის საშინელებას და „შავი ლაქის“ ჩამორეცხვას შეძლებენ.
რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება — ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მაგრამ აქ საუბარია მათ მიზნებსა და ამოცანებზე. წარმოიდგინეთ, როგორი დეგრადირებული ხალხია, როგორ არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომ ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შედეგი მიიღონ“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.


