ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა. მათ შორის, საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას.
შეხვედრაზე ჟოელ ფლუციმ განაცხადა, რომ შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოში არის დანერგილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელი თორნიკე სოლოღაშვილი.
მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, მან ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენდა.


