საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება

25

საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მორცხულავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე – სულ 400-მდე ლოკაციაზეა გამოფენილი. საქართველოს შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

შანხაის გამოფენა 26 მაისს, მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.

ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართოს შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.

საქართველოს პავილიონში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენის ვიზიტორები ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. ITB China-ს ფარგლებში ჩატარდება რეწვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები.

გამოფენის მსვლელობისას, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ქართულ ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს გაეცნონ – წელს შანხაის გამოფენაზე კულტურულ ღონისძიებას ანსამბლი „რუსთავი“ გამართავს.

ITB China-სთვის საგანგებოდ ემზადება შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი, რომელიც გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს გააცნობს და მასტერკლასებს გამართავს.

გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს, საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.