2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილი: “იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისისთვის არ დაემთხვია. მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ. რა ნამუსით გამოდიან და აქციას როგორ ატარებენ?! თუკი მაშინ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, 15 წლის შემდეგ შეიძლება?”

14

“იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისს მაინც არ დაემთხვიათ ეს ყველაფერი”, – განაცხადა 2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.

„ვიცოდი, ნამუსგარეცხილები რომ იყვნენ. ჩვენ მშვიდობიან აქციას ვატარებდით, მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ და დღეს პროვოკაციებს აწყობენ. გამოვლენ და, დარწმუნებული ვარ, ეცდებიან 26 მაისს, რომ არიონ ყველაფერი. ამას ეცდებიან, მაგრამ რამდენად გამოუვათ, სხვა თემაა.

სახე დაკარგული ჰქონდათ [“ნაციონალურ მოძრაობას”], მაგრამ ახლა სულ დაკარგეს. 26 მაისს რა ნამუსით გამოდიან ესენი და აქციას როგორ ატარებენ?! თუკი მაშინ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, დღეს როგორ? 15 წლის შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი?“ – განაცხადა პაატა ასათიანმა.

მოკლული მშვიდობიანი მომიტინგის, სულიკო ასათიანის შვილთან ერთად, საუბარში ჩაერთვნენ ასათიანის მეუღლე და პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე.

„სხვაობა ის არის, რომ ჩვენ მაშინ სიმართლისთვის ვიბრძოდით და ესენი იმისთვის იბრძვიან, რომ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება, რაღა იგივე გააგრძელონ“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

სულიკო ასათიანის მეუღლის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება არ შეიძლება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათ გვერდით გავლა არ შეიძლება”, – განაცხადა შორენა ადეიშვილი-ასათიანმა.

დავით ლორთქიფანიძე დღევანდელ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს და აცხადებს, რომ მათ კვლავ აქვთ მზაობა, გააგრძელონ ქვეყნის რყევა.

“ნაცების“ განაყოფ-გაუყოფლები… სად გაიყვნენ? როგორ გაიყვნენ? სულ ერთად იყვნენ და დღესაც ისევ ერთად არიან. მზაობა აქვთ იმისათვის, რომ ისევ გააგრძელონ ამ ქვეყნის რყევა და უბედურება დამართონ ამ ქვეყანას. ამას ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს, მაგრამ მცდელობა, რომ აქვთ, ეს არის გულსატკენი”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.