აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
“დღეს ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან, ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად აღვნიშნავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი დაფუძნებულია ქველმოქმედებაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ყოველთვის გამოარჩევდა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის ერთობა და თანადგომა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, რაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების დღეებში – მაშინ, როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა ეს ტკივილი ჩვენთან ერთად გაიზიარეს და უარი თქვეს რამაზან ბაირამის საზეიმო აღნიშვნაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სიძლიერე ერთმანეთის გვერდით დგომასა და ურთიერთპატივისცემაშია“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.


