თამარ ჩიბურდანიძე კონგრესში გენდერულ საკითხებზე წარდგენილ კანონპროექტებზე: „ეს ერთგვარი გამოღვიძების ეტაპია, თუმცა ძირეულ ცვლილებებზე საუბარი მაინც რთულია, რადგან შესაძლოა, დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მართლაც სურდეთ ლიბერალური ღირებულებების კონსერვატიულით ჩანაცვლება, მაგრამ რამდენად მისცემენ ამის შესაძლებლობას „ჩრდილოვანი მმართველობა“ და „დიფ სთეითი“, საკითხავია“

44

„უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ერთგვარი გამოღვიძების ეტაპია, თუმცა ძირეულ ცვლილებებზე საუბარი მაინც რთულია, რადგან შესაძლოა, დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მართლაც სურდეთ ლიბერალური ღირებულებების კონსერვატიულით ჩანაცვლება, მაგრამ რამდენად მისცემენ ამის შესაძლებლობას „ჩრდილოვანი მმართველობა“ და „დიფ სთეითი“, საკითხავია“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით კონგრესში წარდგენილ კანონპროექტებსა და პოლიტიკურ დებატებზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც იდეოლოგია შთანთქავს ქვეყანას, საზოგადოების დიდ ნაწილს — რა თქმა უნდა, არა ყველას — ამ იდეოლოგიის სხვა იდეოლოგიით ჩანაცვლება ძალიან ძნელია. ეს ეხება ნებისმიერ ქვეყანას. ავიღოთ მაგალითად ევროპა, რომელიც დღეს ლიბერალიზმმა შთანთქა, არადა პარადოქსია, რომ ევროპა ისტორიულად სწორედ ტრადიციული პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოების სივრცედ მიიჩნეოდა. დღეს ევროპაში მემარჯვენე ძალებს ძალიან უჭირთ ბრძოლა იქ გამეფებულ იდეოლოგიასთან, რომელიც ანგრევს ევროპას.

რაც შეეხება ამერიკას, სენსაციაა ის ფაქტი, რომ ცვლილებები სწორედ იმ ქვეყნიდან დაიწყო, რომელიც ამ იდეოლოგიური პროცესების მთავარ ცენტრად ითვლებოდა. დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო მთელი რიგი რეფორმების გატარება. თუკი მანამდე ბავშვის განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში უპირატესობა სახელმწიფოსა და სკოლას ენიჭებოდა, ტრამპის პოლიტიკით უპირატესობა მშობელს მიენიჭა. თუკი მანამდე ბავშვის ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს სკოლა განსაზღვრავდა, ახლა ეს პასუხისმგებლობა მშობელს მიენიჭა.

დღეს ამერიკაში დაიწყო ახალი მოძრაობა – კანონის, სახელმწიფოს, პრეზიდენტის დონეზე – რომელსაც „მშობელთა უფლებების დაცვის“ პოლიტიკა ჰქვია. ამ მიდგომის მიხედვით, სკოლებში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების შესწავლას მშობლების წერილობითი თანხმობა სჭირდება. ასევე, მშობლებს სასწავლო წლის დაწყებამდე აცნობენ სასწავლო პროგრამებს და მათ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ რა საგნები ისწავლონ მათმა შვილებმა და რა — არა.

ანუ ტრამპის ახალი პოლიტიკით, ახალი კანონით, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვისკენ არის მიმართული, მშობლის უფლებებს ანიჭებს უპირატესობას. ყველაზე მთავარი თეზისი, რაც ამ კანონში წერია, არის ის, რომ ვერცერთი საჯარო და კერძო სკოლა ვერ დაუპირისპირდება ოჯახურ ღირებულებებს.

მიუხედავად ამისა, ძირეულ ცვლილებებზე საუბარი მაინც რთულია. შესაძლოა, ახალ პრეზიდენტსა და მის გუნდს მართლაც სურდეთ ლიბერალური ღირებულებების კონსერვატიულით ჩანაცვლება, თუმცა საკითხავია, რამდენად მისცემს ამის შესაძლებლობას ამერიკული საზოგადოება და გავლენიანი პოლიტიკური თუ ინსტიტუციური ჯგუფები, რომლებსაც ხშირად „ჩრდილოვან მმართველობას“ და „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ. ამიტომ, რამდენად რეალური და შედეგზე ორიენტირებული იქნება ეს ცვლილებები, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.