თამარ ჩიბურდანიძე: „ნებისმიერი რელიგიისთვის — იქნება ეს ქრისტიანობა თუ სხვა — ოჯახური კულტურა ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, როგორც კი ადამიანი რწმენას, ოჯახის სიწმინდეს, ღვთის წესებსა და სულიერ საფუძვლებს დაუპირისპირდება, სწორედ იქ იწყება მისი შინაგანი რღვევაც“

41

„ყველაზე ურწმუნო ადამიანიც კი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, საბოლოოდ მაინც ღმერთთან მიდის. ნებისმიერი რელიგიისთვის — იქნება ეს ქრისტიანობა თუ სხვა — ოჯახური კულტურა ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, როგორც კი ადამიანი რწმენას, ოჯახის სიწმინდეს, ღვთის წესებსა და სულიერ საფუძვლებს დაუპირისპირდება, სწორედ იქ იწყება მისი შინაგანი რღვევაც“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ადამიანების უკან ახალგაზრდები დგანან და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. მე სწორედ ეს ახალგაზრდები მტკივა და არა ისინი, ვინც უკვე ზრდასრულები არიან, ასაკშიც არიან და დღეს ოპოზიციურ ფლანგზე წარმოადგენენ გარკვეულ ლიდერშიფს. მათი შეცვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ბუნებრივია, მათი გაზრდილი შვილებიც მათი მენტალობისა და იდეოლოგიის იქნებიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდობა და სტუდენტები, რომლებიც დღეს ამერიკაში არიან, განსაკუთრებით სამხრეთის შტატებში, სადაც განათლების სისტემაში ძირეული და რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს – ყველაფერი უბრუნდება ძველ, სწორ კალაპოტს, სადაც ფასობს ოჯახი, ტრადიციული ღირებულებები, მშობლის პატივისცემა და პასუხისმგებლობა – ამ პროცესების გავლენას საკუთარ თავზეც იგრძნობენ.

ერის ფსიქოლოგია და მენტალობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება. ხშირად ამბობენ, რომ როდესაც ერს ვინმე ანადგურებს — იქნება ეს გარედან თუ შიგნიდან — მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი უჩნდება. დგება მომენტი, როდესაც საზოგადოება თითქოს „იფეთქებს“ და უკურეაქციას აძლევს მიმდინარე პროცესებს. მჯერა, რომ მსგავსი უკუგება აუცილებლად იქნება და ეს ტალღა მთელ ევროპასაც მოედება, მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კონსერვატიულ ღირებულებებს იზიარებს.

საბოლოოდ, ყველაფერი ღმერთსა და რწმენას უკავშირდება. ყველაზე ურწმუნო ადამიანიც კი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, საბოლოოდ მაინც ღმერთთან მიდის. ნებისმიერი რელიგიისთვის — იქნება ეს ქრისტიანობა თუ სხვა — ოჯახური კულტურა ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, როგორც კი ადამიანი რწმენას, ოჯახის სიწმინდეს, ღვთის წესებსა და სულიერ საფუძვლებს დაუპირისპირდება, სწორედ იქ იწყება მისი შინაგანი რღვევაც“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.