„ჩემი მთავარი შიში ის არის, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები არ გადაიქცეს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ტრიგერად, რადგან ხისტი ძალის გამოყენება და სიტუაციის დესტრუქცია რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ნამდვილად არ იქნება სასარგებლო“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„სომხეთი ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, სადაც გაცილებით ნაკლები მოსახლეობა ცხოვრობს თავად ქვეყანაში, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ. ეს გარემოება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
გავიხსენოთ, მაგალითად, სერგეი ლავროვის სიტყვები, რომელმაც თქვა: „მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვართმევთ ხელს ერთმანეთს და ჩავალთ სომხეთში“. ამაში ძალიან დიდია იმ სომხების როლი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.
შემთხვევით არ ვსაუბრობ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ სომხებზე, რადგან ეს ფაქტორი სომხეთის საგარეო პოლიტიკას დამატებით სირთულეებს უქმნის. მაგალითად, რუსეთში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი სომეხი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი ნიკოლ ფაშინიანის მიმართ.
ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხეთი რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ მოიაზრებოდა და ОДКБ-ის წევრად რჩება, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
რას მოუტანს ეს სომხეთს? სიტუაცია მარტივი არ არის, რადგან რუსეთი კავკასიაში გავლენისთვის საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა და ძნელად შეელევა საკუთარ იმპერიულ ამბიციებს. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ფართომასშტაბიანი გამოსვლები გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. გარდა ამისა, სომხეთის რკინიგზაც რუსული კონტროლის ქვეშაა, თუმცა რუსეთის გავლენა დღეს ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც წარსულში იყო.
გარკვეულწილად, სომხები იმავე პროცესებს გადიან, რაც საქართველომ უკვე გაიარა. სომხეთის ეკონომიკაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან და მათი პროდუქციის დიდი ნაწილი სწორედ რუსულ ბაზარზე გადის. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რას ნიშნავს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები — ბიუროკრატიული პროცედურები ხშირად იმდენად რთულია, რომ ექსპორტი პრაქტიკულად აზრს კარგავს. ამასთან, ევროპული ბაზარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით საკმაოდ გაჯერებულია.
აქედან გამომდინარე, ევროპას შეუძლია გარკვეული დროით სომხეთს დახმარება გაუწიოს და ასეთი დაპირებებიც არსებობს, თუმცა თავად ევროპაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას — როგორც ენერგორესურსების, ისე უსაფრთხოების საკითხებში.
აქვე, რუსულ მხარესაც გავაკრიტიკებდი ბაზრის ჩაკეტვის გამო. საბოლოოდ, ასეთი გადაწყვეტილებები ყველაზე მეტად მოსახლეობასა და იმ ბიზნესმენებს აზარალებს, რომელთა საქმიანობაც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. ამიტომ ვითარება საკმაოდ რთულია.
დღევანდელი მსოფლიო გლობალიზებულია და რეგიონში არსებული დესტრუქციული პროცესები საქართველოზეც აისახება.
ჩემი მთავარი შიში ის არის, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები არ გადაიქცეს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ტრიგერად, რადგან ხისტი ძალის გამოყენება და სიტუაციის დესტრუქცია რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ნამდვილად არ იქნება სასარგებლო“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


