„მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში პროგნოზების გაანგარიშებაზე მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტორთა გათვალისწინებით და არსებული რეალობის შესაბამისად აკეთებენ პროგნოზს. მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ ციფრი ხელოვნურად მაღალი ან დაბალი იყოს. შესაბამისად, ის, რომ საქართველოს კარგ პროგნოზს აძლევენ, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფაქტორი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის პროგნოზზე საუბრისას განაცხადა.
„მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში – გარდა იმისა, რომ ამ ორგანიზაციებს და ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციებს გარკვეული პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვთ – პროგნოზების გაანგარიშებაზე მუშაობენ ჩვეულებრივი პროფესიონალები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტორთა ნაკრებს ითვალისწინებენ და არსებული რეალობის შესაბამისად აკეთებენ პროგნოზს. მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ ციფრი ხელოვნურად მაღალი ან დაბალი იყოს.
ის, რომ საქართველოს კარგ პროგნოზს აძლევენ, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფაქტორი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, და ბევრი რამ დადებითად ვითარდება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ფულის აგრეგატების დინამიკა. ამაზე იყო რამდენჯერმე კრიტიკა, რომ ფართო ფულის, M3 აგრეგატი არის ძალიან მკვეთრად ზრდადი და ემისიის ხარჯზე ხდება ეკონომიკური ზრდა, რაც ინფლაციას გამოიწვევს და ა.შ. მაგრამ თუ შევხედავთ ამ ფულის აგრეგატების ზრდას, მის სტრუქტურასა და დინამიკას, დავინახავთ, რომ დეპოზიტების ხარჯზე ზრდა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ეს ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ამას ერთი პრობლემა აქვს – ეს არის „ნეპის“ ეკონომიკური ზრდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ზრდას არ აქვს უსაფრთხოების ბალიში – ჯერ ერთი, არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, და მეორე – ამას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა.
თუ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 7%-იანი ზრდა გვექნება და ეს ეკონომიკური ზრდა ბოლო ბოლო კონვერტირდება ეკონომიკის რეალური სექტორის გაძლიერებაში, ეს უკვე ნიშნავს, რომ გვექნება მყარი, გრძელვადიანი პერსპექტივა“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.


